ხშირია შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციას სჭირდება, მოკლე ვადაში, იპოვოს ადექვატური ხელმძღვანელი მისი რომელიმე სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის. შიდა კადრებიდან რომელია დაწინაურებისთვის მზად, მენეჯმენტისთვის ცხადი არ არის. გარეთ, თუნდაც საშუალო რგოლის მენეჯერის მოძებნა, საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს, თვითონ სამსახურმა შიგნიდან დროებით აირჩიოს თავისი ლიდერი, სანამ ვიღაცა უკეთესი არ გამოჩნდება და ვაცალოთ ამ რეჟიმში თუნდაც 3 თვე იმუშაონ.
ამ მიდგომას ბევრი დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. კერძოდ:
ა) შიდა თანამშრომლებს მიეცემათ საშუალება, შეინარჩუნონ სამსახურში გუნდი ისე, რომ ძალიან კარგი მუშაობით აიცილონ ახალი ხელმძღვანელის მოსვლა, თუ ეს მათთვის მნიშვნელოვანია (რაც ძალიან ხშირად არის ასე).
ბ) შიდა თანამშრომლებიდან ერთს ან რამოდენიმე თანამშრომელს მიეცემა შესაძლებლობა, უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და დაამტკიცონ, რისი გაკეთება შეუძლიათ.
გ) აღარ იქნება უკმაყოფილება იმის გამო, რომ გარედან გახდა ვიღაცა მოსაყვანი, თუ ამის გაკეთება კიდევ გახდება საჭირო.
დ) დიდია ალბათობა იმისა, რომ საერთოდ აღარავის მოყვანა აღარ იქნება საჭირო, ვინაიდან გუნდი თვითონ გამოავლენს მას, ვისაც მისი მართვა ყველაზე უკეთ შეუძლია.
ე) მენეჯმენტი აცდება ნაჩქარევი გადწყვეტილების მიღებას. მას შეეძლება, უფრო ნელა და თანმიმდევრობით განაგრძოს ახალი ხელმძღვანელის ძებნა და შეარჩიოს კანდიდატები იმ შემთხვევისათვის, თუ სამსახური, თავის მიერ არჩეული ლიდერით, კარგი შედეგების ჩვენებას ვერ შეძლებს.
და თუ სამსახური შემოგვთავაზებს ერთზე მეტ ადამიანს შორის როტაციის სქემას, ანუ გვეტვყვიან, რომ მათ სურთ რამდენიმემ რაღაც მონაცვლეობით შეასრულოს გუნდის ლიდერის ფუნქცია, ეს საბოლოოდ, შესაძლოა ყველაზე კარგი გამოსავალი აღმოჩნდეს, ვინაიდან ერთის მაგივრად რამოდენიმე ლიდერს ვიპოვით, რომელთა გამოყენებაც მომავალში სხვა სამსახურების ლიდერებადაც გახდება შესაძლებელი.
საქმე იმაშია, რომ ბევრი საშუალო რგოლის მენეჯერის წყალობით, მათი თანამშრომლების უნარების და შესაძლებლობების ადექვატურად შესაფასებლად მენეჯმენტს სწორი და სრული ინფორმაცია არ აქვს. და მაშინ, როდესაც ისინი ფიქრობენ – დაწინაურებისთვის არავინ შიგნით მზად არ არის, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ასეთი ერთი კი არა, რამდენიმე ადამიანია. თუ კი მათ თავის გამოვლენის შანსს მივცემთ, ამით მხოლოდ მოვიგებთ და თანაც საკმაოდ ბევრს.