ბევრ ორგანიზაციაში, სადაც ტექნიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობა ბიზნესისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გავრცელებულია ტექნიკური დირექტორის პოზიცია. ტექნიკური დირექტორი ამ საწარმოებში, ტექნოლოგიურსა თუ საკომუნიკაციო კომპანიებში, როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. თუმცა ორგანიზაციების უმეტესობაში, სადაც ასეთი პოზიცია არსებობს ერთი ადამიანის, თუნდაც ძალიან გავლენიანის მეშვეობით ტექნიკური ამოცანის სათანადო ხარისხით გადაწყვეტა ვერ ხერხდება.
საქმე იმაშია, რომ ტექნიკური ამოცანა, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეამოცანებისაგან შედგება. მათი ერთი დირექტორის პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცევა არ არის მიზანშეწონილი და ზოგჯერ საზიანოც კი არის ორგანიზაციის ინტერესებისათვის.
წარმოების მიმდინარე მართვის, წარმოების განვითარების და წარმოების უსაფრთოხოების ამოცანები ბევრი ორგანიზაციისათვის თითქმის თანაბარი მნიშვნელობის ამოცანებია და მათი ერთი ადამიანისათვის დაქვემდებარება რომელიმე მათგანის, ან მათგან ორის მნიშვნელობის დაკნინებას იწვევს. წარმოების უსაფრთხოების ამოცანის წარმოების მართვაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელისთვის დაქვემდებარება კი უსაფრთოხებაზე ძალისხმევას მნიშვნელოვნად ამცირებს, ვინაიდან ეს ორი პოზიცია ინტერესთა კონფლიქტებს შეიცავს. ყოველთვის უმჯობესია, რომ ის ადამიანი, რომელიც წარმოების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, არ ექვემდებარებოდეს წარმოების მართვაზე პასუხისმგებელ ხელმძღვანელს.
ტექნიკური ამოცანების გადანაწილება ორგანიზაციის მართვის სხვადასხვა შტოებში ყველაზე უკეთ იძლევა, როგორც ტექნიკური კომპეტენციების მუდმივი დაგროვების, ისე წარმოების მიმდინარე მართვის და მისი უსაფრთხოების ამოცანების გადაწყვეტის საშუალებას. ტექნიკური დირექტორის პოზიცია კი პასუხისმგებლობების ასეთ გადანაწილებას უშლის ხელს.
ყველაზე მნიშვნელოვან ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე კი, უმჯობესია, პასუხისმგებელი იყოს ტექნიკური საბჭო, რომელიც ყველა ასეთ ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს. ეს ორგანო უნდა აერთიანებდეს ყველა ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელს და ასევე, შესაძლოა, იწვევდეს დარგის ტექნიკურ ექსპერტებს საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად.