ადამიანები ორგანიზაციაში მხოლოდ საქმიანობის შედეგების მიხედვით უნდა ფასდებოდნენ. არც მათი პიროვნული თვისებები, არც უნარები, არც განათლება, არც გარეგნული თვისებები, არც გამოცდილება არ უნდა ახდენდეს გავლენას მათ შეფასებაზე (ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობებზე რომ არაფერი ვთქვათ). მხოლოდ ის, თუ რა სარგებელი მოიტანეს ორგანიზაციისათვის, რა გააკეთეს და როგორი ხარისხით გააკეთეს, უნდა განსაზღვრავდეს და განაპირობებდეს მათ შეფასებას და შესაბამისად მათ დაფასებასაც. ეს ერთადერთი გზაა ორგანიზაციაში სწორი საქმიანი გარემოს და ადექვატური კორპორატიული კულტურის ჩამოსაყალიბებლად.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება ამის მარტივად გაკეთება, საკმარისია ეს შეფასებები სამ მიმართულებად დაიყოს. კერძოდ:
ა) რა შედეგებს მიაღწიეს მათი მიმდინარე საქმიანობით. რა პროდუქტი, რა სარგებლი შექმნეს ორგანიზაციისათვის, როგორი ხარისხით. ამის შეფასება მათი მეშვეობით უნდა ხდებოდეს, ვისთვისაც ეს ადამიანები ქმნიდნენ პროდუქტს. ყველა თანამშრომელი, როგორც წესი, ვიღაცისთვის მუშაობს, რაღაც სარგებელს ქმნის და ცვლის. შესაბამისად, საჭიროა ცნობილი იყოს, ვის ემსახურება ეს ადამიანი და როგორი კმაყოფილია მისი პროდუქტის მომხმარებელი მისით. რა შედეგები აქვს მას, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით.
ბ) როგორ ვითარდებოდა ადამიანი, რა გააკეთა და როგორ მან იმისათვის, რათა აემაღლებინა საკუთარი კვალიფიკაცია, განევითარებინა საქმიანობის ხარისხი. ასევე რა წვლილი შეიტანა მან ორგანიზაციის განვითარებაში, რა იდეებით გამოვიდა. ყველა თანამშრომლის შეფასება უნდა ხდებოდეს ამ ნიშნითაც. ამ შეფასებას მათი უშუალო ხელმძღვანელები უნდა აკეთებდნენ.
გ) რა გააკეთა ადამიანმა მისი გუნდის წევრების დასახმარებლად. ის, რაც შესაძლოა არ ევალებოდა, მაგრამ საჭირო და სასურველი იყო მისი გუნდის წევრების უკეთესი შედეგების ხელშეწყობისათვის. ამ შეფასებებს ყველა გუნდი თავის შიგნით უნდა აკეთებდეს, ადამიანები უნდა აფასებდნენ ერთმანეთს კოლეგიალურობის და გუნდურობის მიხედვით და ეს შეფასებაც თითოეული თანამშრომლის საბოლოო შეფასებაზე უნდა ახდენდეს გავლენას.
ორგანიზაციაში თანამშრომლების სამივე მიმართულებით საქმიანობის შეფასების ორგანიზებას წელიწადში ერთხელ საკადრო მიმართულება უნდა ახდენდეს. ყოველი თანამშრომლის საკითხი კი სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ შეფასებისა და კომპენსაციების ჯგუფში უნდა იხილებოდეს. იქვე უნდა წყდებოდეს, თუ როგორ უნდა დავუფასოთ ამ ადამიანებს მათი შედეგები იმისათვის, რომ უფრო მეტის, უფრო უკეთ და უკეთესი შედეგებით მუშაობის სურვილი გავუჩინოთ.
salome.zhorzholiani
on Mar 31st, 2012
@ 13:02:
ძალიან კარგი სტატიაა. მომეწონა, კარგად იყო ჩამოყალიბებული ავტორის აზრი. ერთადერთი ჩემს მოსაზრებებს დავწერ ზოგადად პერსონალის შეფასების თაობაზე: 1. როცა საუბარია თანამშრომლის შეფასებაზე გუნდის შიგნით კოლეგიალურობის და გუნდურობის მიხედვით, აქ შეიძლება წავაწყდეთ ერთ სერიოზულ პრობლემას, რასაც ქვია გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად არაობიექტური შეფასება.
2. თვითონ შეფასების გააზრების პრობლემა , სულ უმნიშვნმელოდ , მაგრამ მაინც ორაზროვანი დეფინიციის გამო, თანამშრომლის არასწორი შეფასება. (მაგ: ხშირად ვერ ხვდებიან სათანადოდ რას ნიშნავს სტრესგამძლეობა, გუნდურობა, პრობლემების იდენთიფიცირების მზაობა და ა.შ)
ამის გათვალისწინებით მომხრე ვარ, რომ შეფასების სისტემაში ამოღებული იქნას მაქსიმალურად სუბიექტური ნაწილი, არა იმიტომ , რომ ეს კომპონენტი საჭირო არ არის, უფრო იმიტომ , რომ არაობიექტურ შედეგებს იძლევა, მიუხედავად ” შემფასებლების” მოტივაციის შექმნისა, გრძელვადიანი და ხარისხიანი ტრენინგისა და ა.შ.
შეფასება მიზნების მიხედვით, ჩემი აზრით ყველაზე გამართლებული მეთოდია. ქცევები, კომპეტენციები დაიყვანება რიცხვებამდე. ანუ ფასდება თვლადი კრიტერიუმები. ერთი შეხედვით საკმაოდ რთულია ყველა ქცევას მოარგო რიცხვები, თუმცა მგონია რომ ობიექტური სურათისთვის კარგი მეთოდია. რაც საკუთარი პრაქტიკით და გადმოცემით გამიგია, ჯერ მაინც ემოციურობის , ლოიალობის და სუბიექტურობის გამო გვიჭირს შეფასება
ძალიან კარგები ხართ, ძალიან ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ !
admin
on Mar 31st, 2012
@ 14:23:
სალომე, მადლობა ასეთი კომენტარისათვის და გულთბილი გამოხმაურებისათვის. ზუსტად ამ თემაზე ვაპირებთ ცალკე ინსაითის დაწერას შემდეგ კვირას. მარტივი მეთოდი გუნდის შეიგნით გუნდურობის და კოლეგიალურობის შესაფასებლად. ვფიქრობთ რომ ეგ მარტივად კეთდება, როდესაც ყველა გუნდის დანარჩენ წევრის რეიტინგს აკეთებს პირველიდან ბოლომდე მისი აზრით კოლეგიალურობის კუთხით. და მერე ეს შედეგები ჯამდება და ასე ვლინდება ვინ როგორი კოლეგიალური იყო განვლილ პერიოდში. უფრო დეტალურად ინსაითში დავწერთ მაგრამ აზრი ეს იქნება და როგორ ფიქრობ არ იქნება მეტ ნაკლებად ობიექტური? მგონი გასაგებად დავწერე ოღონდ დარწმუნებული არ ვარ
salome.zhorzholiani
on Apr 1st, 2012
@ 23:06:
ველოდებით სულმოუთმენლად ახალ სტატიას . მადლობა თითიეულ თქვენთაგანს .