ტრადიციები ერთადერთია კორპორატიული კულტურის სამი ძირითადი კომპონენტიდან (დაუწერელი წესები, დამკვიდრებული ჩვევები და ტრადიციები), რომელთა შექმნა წინასწარ განზრახულად შეიძლება, ყოველ შემთხვევაში შედარებით ადვილად. დანარჩენი ორი თავისით ყალიბდება. მათ შორის უარყოფითებთან ბრძოლას თუ შევძლებთ, თორემ სხვა მხრივ მათი დაგეგმილად შექმნა შეუძლებელია, ან ძალიან რთული.
ტრადიციების შექმნას წლები სჭირდება, მართვისთვის კი ძალიან ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მათი მეშვეობით თანამშრომლებში საჭირო ურთიერდამოკიდებულების და ორგანიზაციის მიმართ ლოიალური განწყობის ჩამოყალიბება შეიძლება. ტრადიციები ბევრ რამეს ეხმარება, მაგრამ უმთავრესი დანიშნულება ძლიერი გუნდის შექმნაა, რომელსაც ეს ინსტრუმენტი განსაკუთრებით უწყობს ხელს.
ორგანიზაციიის დაბადების დღის აღნიშვნა, ყოველ ზაფხულს მინიმუმ ერთი ერთობლივი ექსკურსია, წელიწადში ერთხელ დიდი შეკრება, რომელშიც თითქმის ყველა თანამშრომელი იღებს მონაწილეობას, ყოველწლიურად სხვადასხვა ნიშნით საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა, თანამშრომლების დაბადების დღის აღნიშვნა ტორტით და მცირე საჩუქრით ორგანიზაციისგან, ერთობლივი მონაწილეობა საქველმოქმედო აქციებში, რომელიმე სპორტული გუნდის ერთობლივი გულშემატკივრობა და სპონსორობა ძალიან მცირე ჩამონათვალია ტრადიციების დამკვიდრების შესაძლებლობებისა იმ დიდი სიიდან, რომლებსაც ორგანიზაციაში ძლიერი გუნდის, თანამშრომლებს შორის კარგი ურთირთობებისა და ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბება შეუძლია.
ყოველი ახალი ტრადიციის შექმნისათვის ერთი მთავარი პირობა არსებობს: ის თანამშრომლებმა უნდა მიიღონ, უნდა მოეწონოთ და განმეორების მოლოდინი გაუჩნდეთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ის თავის ფუნქციას. ამიტომ მათ შექმნას ბევრი მომზადება და კარგი გააზრება სჭირდება, როგორი შინაარსი უნდა ჰქონდეს, როგორი ხასიათი. თუმცა, როგორც არ უნდა დაგეგმო, მათი დიდი ნაწილი დროში თვითონ იძენს მისთვის სასურველ ფორმასა და შინაარსს. ერთადერთი პირობაა, თუ დავიწყებთ და ვნახავთ, რომ მოეწონათ არ შევწყვიტოთ, გავაგრძელოთ მისი დამკვიდრება.
სასურველია, თუ მენეჯმენტი მიზნად დაისახავს წელიწადში მინიმუმ ერთი ახალი ტრადცია მაინც დაამკვიდროს. ყოველ წელს კარგად მოიფიქროს თუ რა შეიძლება იყოს ეს, მოამზადოს, გატესტოს და მათი დამკვიდრების გრძელვადიანი პროცესი დაიწყოს.