არაფერი ისე არ განსაზღვრავს თანამშრომლების ქცევას, როგორც ხელმძღვანელის პირადი მაგალითი, აგრეთვე დიდი ძალისხმევა, რომელსაც ხელმძღვანელი გასწევს, რათა ადამიანებს დადებითი მაგალითი აჩვენოს. რაც უფრო მეტს დათმობს ის ამისათვის, მით უფრო დიდი იქნება მუხტი, რომელიც ამის შედეგად თანამშრომლებში შეიქმნება.
ხელმძღვნელის ქცევა და ჩვევა გადამდებია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვალსარისით. თუ ხელძღვანელი იგვიანებს, უშვერ სიტყვებს იყენებს საუბრისას, თანამშრომლებს, კლიენტებს აუგად იხსენიებს, ნელ-ნელა თანამშრომლების ნაწილი ამას გადაიღებს და ასეთი ქცევა კულტურის ან ქვეკულტურის ნაწილი გახდება.
თუ ხელმძღვანელი სამსახურში ყველაზე ადრე მოდის და ყველაზე გვიან მიდის, ცდილობს ყველაზე მეტი იმუშაოს, არასდროს არავისზე ცუდი არაფერი თქვას და მაქსიმალურად დადებითი განწყობა, ზრუნვა და პატივისცემა გამოხატოს კლიენტების, თანამშრომლების, კოლეგების მიმართ, ესეც მალე გახდება კულტურის ნაწილი, რომელსაც ადამიანები, შესაძლოა, ცოტა უფრო რთულად, მაგრამ აუცილებლად მოერგებიან.
პირადი მაგალითის ძალა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ხელმძღვანელი მაქსიმალურად ცდილობს პირადად აკეთოს ის, რასაც სხვებისგან მოითხოვს. საკმარისია ერთი მოქმედებით გადაუხვიოს ხელმძღვანელმა მის მიერ დეკლარირებულ ფასეულობებს და პრინციპებს, რომ მთელი მისი საუბარი, მსჯელობა და პრინციპები გაუფასურდება. შესაბამისად ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა ხელმძღვანელს იმისათვის, რათა გუნდში მუხტი და განწყობა სათანადო დონეზე შეინარჩუნოს.
ის ხელმძღვანელები, რომლებიც პირადი მაგალითის ძალას საკმარის ყურადღებას არ აქცევენ, ერთის მხრივ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენებაზე ამბობენ უარს, მეორეს მხრივ კი თანამშრომლებს შორის უნდობლობის, ნიჰილიზმის და ერთმანეთის, ხელმძღვანელისა და ორგანიზაციის მიმართ უპატივცემულობას უყრიან ყოველდღიურად საფუძველს.