ადამიანებს პროფესიულად ყველაზე უკეთ პასუხისმგებლობა ზრდის. სანამ ისინი პასუხისმგებლობას იგძრნობენ, შედარებით ნელა ვითარდებიან, მაგრამ, როგორც კი მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა გაიზრდება, ან ცხადი გახდება, ისინი მეტს ფიქრობენ რა გააკეთონ, როგორ იმოქმედონ, ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებასაც მეტ დროს უთმობენ და, შესაბამისად, ბევრად უფრო სწრაფად იწყებენ განვითარებას.
იმისათვის, რომ ადამიანებმა ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრად უფრო ცხადად იგრძნონ თუ რა არის მათი პასუხისმგებლობა, სამი მნიშვნელოვანი პირობა უნდა არსებობდეს:
1. მათ ეს პასუხისმგებლობა ძალიან ცხადად უნდა განესაზღვროთ და გაემიჯნოთ სხვა ადამიანების პასუხისმგებლობისგან;
2. მათ უნდა უწევდეთ ანგარიშგება საკუთარ საქმიანობაზე, თუ რა გააკეთეს, რას მიაღწის და როგორ განახორციელეს პასუხისმგებლობა. ეს ანგარიშგება უნდა იყოს სწორად შედგენილი და სწორი პერიოდულობით უნდა კეთდებოდეს;
3. უნდა არსებობდეს ორგანიზაციაში ამ ანგარიშების ანალიზის, შეფასებისა და მათზე შემდგომი რეაგირების ცხადი პროცედურა, რომელიც, რა თქმა უნდა, შეუფერხებლად უნდა სრულდებოდეს. უნდა ფასდებოდეს, თუ როგორ ახდენს ადამიანი საკუთარი პასუხისმგებლობის რეალიზებასა და ეს შეფასება მის კარიერულ ზრდაზე, პრემირებასა და ანაზღაურების მატებაზე უნდა ახდენდეს გავლენას.
თუ ეს სამივე პირობა სწორად სრულდება, ადამიანებმა იციან რა არის მათი პასუხისმგებლობა, აკეთებენ საქმიანობის შესახებ სწორ ანგარიშგებას და ამ ანგარიშებზე ადეკვატური რეაგირება ხდება, თანამშრომლები არა მარტო უკეთესად იმუშავებენ, არამედ პროფესიულადაც ბევრად უფრო სწრაფად გაიზრდებიან.