ქმედითი კომიტეტი ისეთ შეხვედრას ჰქვია, რომელიც დიდხანს არ გრძელდება, კონკრეტული გადაწყვეტილებებით სრულდება და დღის წესრიგში დასმული საკითხების უმეტესობას ფარავს. ასეთი კომიტეტი რომ გვქონდეს, საჭიროა 3 სრულიად განსხვავებული და მკაფიო როლი
კომიტეტის მდივანი: მისი მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს კომიტეტამდე შეხვედრის მონაწილეების ინფორმირება კომიტეტზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ყველა იმ საჭირო მასალის მოგროვებითა თუ მიწოდებით, რაც ამ თემას უკავშირდება, მოინიშნოს უშუალოდ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები და შეხვედრის დასრულების შემდეგ დროულად მიაწოდოს კვლავ შეხვედრის მონაწილეებს.
კომიტეტის წამყვანი/სპიკერი/ლიდერი: მისი მთავარი ფუნქციაა მართოს შეხვედრა იმ გეგმის მიხედვით, რაც წინასწარ გაიწერა, თავიდან აიცილოს თემიდან მნიშვნელოვნად გადახვევის და უსარგებლო პაუზების შემთხვევები და მონაწილეების ყურადღება მიმართოს დღის წესრიგში არსებული საკითხების მაქსიმალურად დაფარვაზე.
საკითხის გამომტანი: ყოველ შეხვედრაზე ასეთი რამდენიმე პირი შეიძლება იყოს. მისი მთავარი ფუნქციაა, უზრუნველყოს კონკრეტულ (განსაკუთრებით კრიტიკულ) საკითხზე შეხვედრის წევრების წინასწარი მომზადება ამ თემაზე მათთან ინდივიდუალურად შეხვედრით და არგუმენტირებით. ეს თავად საკითხის გამომტანს დაეხმარება, საკითხი უფრო მომზადებული და მაღალი ხარისხის იყოს, კომიტეტის სხვა წევრების ინტერესების გათვალისწინებით და ასევე ეს, თავის მხრივ, შეამცირებს იმ დროს, რაც საკითხის არცოდნის შემთხვევაში შეიძლება დაეხარჯათ ამ საკითხის განხილვისას კომიტეტზე.
ვფიქრობთ, რომ სამივე როლი ერთმანეთისგან განსხვავებულია და მათი ერთ ადამიანში თავმოყრა შეიძლება არ იყოს სწორი გადაწყვეტილება. ასევე, რომელიმეს არარსებობის შემთხვევაში შეხვედრის ეფექტიანობა, სავარაუდოდ, დიდწილად შემცირდება.