ორგანიზაცია და მისი ერთეულები შეიძლება რომელიმე რთულ მექანიზმს შევადაროთ – თუნდაც მანქანას, ან კომპიუტერს – შეიძლება ყველა ნაწილი, ყოველი ელემენტი იყოს მაღალი ხარისხის, ზუსტად ისეთი, როგორიც სჭირდება, მაგრამ ერთად არასწორად იყოს აწყობილი და არ მუშაობდეს, არ დადიოდეს, ან არ ირთვებოდეს.
ასევეა ორგანიზაციაშიც – სადაც შეიძლება ძალიან ძლიერი თანამშრომელთა გუნდი იყოს თავმოყრილი, ძალიან მაგარი მიზანი ჰქონდეს, მონდომებაც იყოს, ცხადი სტრატეგიაც, მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთს არ ერგებოდეს, ერთობლივად არ მუშაობდეს.
რეალურად სტრუქტურა განსაზღვრავს ორგანიზაციის თითოეული ნაწილის თანწყობას და ურთიერთქმედებას – ის უნდა იყოს შექმნილი ისე, რომ ყველა ნაწილი ერთმანეთს ზუსტად ერგებოდეს, ერთად გამოიმუშავებდეს და იყენებდეს ენერგიას, მოძრაობდეს, მიდიოდეს წინ, ქმნიდეს ღირებულებას.
ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, სტრუქტურა, უბრალოდ, ერთმანეთთან დაკავშირებული მართკუთხედები კი არ იყოს, არამედ სწორი პროცესით შექმნილი, კარგად გააზრებული, კონგრუენტული მექანიზმი.