ორგანიზაცია ძალიან ჰგავს ადამიანს. ისიც იბადება, იზრდება, ვითარდება, ბერდება და ოდესღაც კვდება. მასაც მოსდის შეცდომები, ავადდება, მკურნალობს და ჯანსაღდება. ორგანიზაციასაც აქვს ჩვილობის, სიყმაწვილის, ზრდასრულობის პერიოდები. ისიც სწავლობს და მუშაობს იმისთვის, რომ იარსებოს, გადარჩეს და განვითარდეს.
ხელმძღვანელებს, უბრალოდ, დროდადრო ეს ავიწყდებათ და ხშირად საკუთარი მოკლევადიანი ინტერესების დაკმაყოფილების სურვილით შეპყრობილები, საკუთარი გადაწყვეტილებებით ჭრილობებს აყენებენ ამ ცოცხალ ორგანიზმს, სიცოცხლისუნარიანობას უმცირებენ. არ უფრთხილდებიან მის ცოცხალ უჯრედებს, ადამიანებს, იგნორირებენ მათ ჯანსაღ ინტერესებს და მათ მოკლევადიან ექსპლუატაციას ცდილობენ.
ცუდი ხელმძღვანელები, ისინი, ვინც თანამშრომლებს არ უფრთხილდებიან, მათ ინტერესებს იგნონირებენ, ძალიან გვანან ადამიანებს, ვინც საკუთარ სხეულს, ორგანიზმს არ უვლის, უდიერად ეპყრობა. ისევე, როგორც ასეთი ადამიანები ხშირად ავადდებიან და ძნელად ინკურნებიან, მსგავსი ხელმძღვანელების მქონე ორგანიზაციებსაც სულ შიდა პრობლემები აქვთ, ვერაფრით ლაგდებიან და საკუთარი პოტენციალის რეალიზებაც სხვებზე მეტად უჭირთ.