ძალიან ბევრ ორგანიზაციაში ვაწყდებით სიტუაციას, როცა სტრუქტურა მთლიანად მორგებულია კომპანიის ოპერაციულ მართვაზე. ეს გულისხმობს ისეთი ფუნქციების და მხარდამჭერი სისტემების არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე მომსახურება სრულდებოდეს გამართულად, შეფერხებების გარეშე (შესყიდვები, მარაგების მართვა, წარმოება, მიმდინარე მომსახურება და ა.შ.).
რა თქმა უნდა, ამ ფუნქციების არსებობა აუცილებელია ორგანიზაციების გამართული მუშაობიათვიც , მაგრამ მხოლოდ ოპერაციული სტრუქტურების დროს კომპანია ვეღარ ვითარდება, შეფერხებულია ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნა, მომსახურების განვითარება, ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება, ექსპანსია,ზრდა და, ძირითადად, დირექტორის ინიციატივაზეა დამოკიდებული იდეის გაჩენა, აღსრულება კი რთული და ხანგრძლივი პროცესია.
ასევე გავრცელებული პრაქტიკაა მიმდინარე და განვითარების ფუნქციების შეთავსება (მაგალითად, მომსახურების ხარისხის მართვა და განვითარება ერთ ერთეულად). ასიდან 99 შემთხვევაში ეს იწვევს განვითარების ფუნქციის დაკნინებას, რადგან ძალიან რთულია მიმდინარე საკითხების მოგვარებაში ჩართული პირისათვის განვითარებაზე ზრუნვა და ფიქრი, რაც მეორეხარისხოვან ამოცანად რჩება.
სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს განვითარების გამოყოფილი სტრუქტურები. მათ ძალიან ცხადი და მკაფიო ამოცანები ექნებათ და გახდებიან მექანიზმები, რომლებიც მუდმივად წარმოადგენენ განვითარების ახალ იდეებს, ინიციატივებს და აღასრულებენ მას. ასეთ შემთხვევაში მიაღწევთ უკეთეს მომსახურებას, უკეთეს და მრავალფეროვან პროდუქტსა და მზარდ, მუდმივად განვითარებად ორგანიზაციას.