თუ თქვენ, გარკვეული პერიოდულობით, ობიექტურად ანიჭებთ თანამშრომელს რანგს, გაცილებით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ მათ ანაზღაურებაზე, დაწინაურებაზე, ჩანაცვლებაზე, მოტივაციაზე. ამასთან რანჟირება საკმაოდ რთული ამოცანაა. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სუბიექტური, არგუმენტებს მოკლებული, ან ფორმალური (მაგალითად, მხოლოდ იერარქიული დონეების მიხედვით რანჟირებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს).
ადექვატური, რეალური რანჟირებისათვის პირველ რიგში აუცილებელია კრიტერიუმების განსაზღვრა, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს შეფასება – მაგალითად, შესრულებული სამუშაოების ხარისხი, ინიციატივიანობა, მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა,განათლების დონე და ა.შ.. სასურველია კრიტერიუმები ბევრი არ იყოს (3-5) და ორგანიზაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლებს მოიცავდეს. ასევე უნდა არსებობდეს ცხადი პროცედურა – როგორ ხდება პერიოდული შეფასება, რა პერიოდულობით, ვინ მონაწილეობს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით, და პასუხისმგებელი პირი, რომელიც ამას წარმრთავს (სავარაუდოდ HR, თუმცა თავად არ უნდა იყოს რანგის განმსაზღვრელი, უბრალოდ, პროცესის გამართულობას უნდა უზრუნველყოფდეს).
რანჟირება უბრალოდ სურათს რომ არ წარმოადგენდეს და მეტ ღირებულებას სძენდეს ორგანიზაციას, ასევე მნიშვნელოვანია ორი საკითხი:
- თანამშრომლების ინფორმირებულობა – ყველამ ცხადად უნდა იცოდეს, როგორ შეფასდება მათი საქმიანობა, ამჟამად რომელ რანგში იმყოფებიან და რა უნდა გააკეთონ ახალ რანგში გადასასვლელად; რა უნდა გააუმჯობესონ, რაზე უნდა იმუშაონ. ამისთვის კი ყველაზე ეფექტური ხერხი უკუკავშირია შემფასებლისგან, რომელიც არა მარტო შეაფასებს, არამედ არგუმენტირებულად ახსნის, რატომ მიანიჭა ასეთი რანგი და მისცეს რეკომენდაციები თანამშრომელს გაუმჯობესებისათვის. რანჟირების სისტემის გამჭვირვალობა აუცილებელია მისი ობიექტურობისათვის.
- თანამშრომლების მოტივირება – რანგი უნდა იძლეოდეს გარკვეულ პრივილეგიებს, უკეთეს ანაზღაურებას, დაფასებას ან უპირატესობებს, რათა თანამშრომლებს ჰქონდეთ სწრაფვა, გააუმჯობესონ შედეგები, იმუშაონ საკუთარ თავზე და მიაღწიონ უკეთეს რანგს. თუ რანგის კრიტერიუმები სწორად იქნება შერჩეული, ყოველი თანამშრომლის ახალ რანგზე გადასვლა ორგანიზაციის წინსვლა და წარმატება იქნება.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და შეუქმენით თანამშრომლებს სწორი მოტივები, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის წარმატებას.