მოტივაციის ყველასთვის სანატრელი ფორმაა, როდესაც პრემია მკაფიო ფორმულით ითვლება. თანამშრომლებს მოსწონთ ასეთი სისტემა იმიტომ, რომ ცხადია რაზეა დამოკიდებული დამატებითი ანაზღაურება, ხელმძღვანელებს კი მოსწონთ იმიტომ, რომ აღარ უწევთ თანამშრომლების საქმიანობის შეფასება.
ორგანიზაციისათვის კი თანამშრომლების წახალისების ეს ფორმა ყოველთვის სასურველი არ არის. განვიხილოთ, თუ რატომ:
ა) სრულყოფილი ფორმულები არ არსებობს. ისეთი ფორმულა, რომელსაც თუნდაც ძალიან მარტივი სამუშაოს სრულად და სწორად შეფასება შეუძლია ან არ არსებობს, ან მისი გამოყვანა, დათვლა და გამოყენება იმაზე ძვირი ჯდება ვიდრე ამ პოზიციის მიერ შექმნილი ღირებულებაა.
ბ) ფორმულით გამოთვლილი პრემია ადამიანს ორგანიზაციას აცილებს, ის თითქოს “ინდმეწარმე” ხდება, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები, მისი მომავალი, და უფრო მის პირადი “ბიზნესის” ზრუნვაზე ორიენტირებული ხდება.
გ) ფორმულებით გაკთებული მოტივაცია ხელს უშლის კოლეგიალურობის, გუნდურობის განვითარებას ორგანიზაციაში. ადამიანები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვებისთვის და ნაკლებად ხარჯავენ სხვების დახმარებაზე დროსაც და ნერვებსაც.
დ) ფორმულებით გაკეთებული მოტივაცია ხელს უშლის ადამიანს სწორად დააბალანსოს მიმდინარე და განვითარების საქმეები, როგორც წესი მიმდინარე მუშაობაზე ხდება ორიენტირებული და უფრო ნელა ვითარდება.
ე) ფორმულებით გაკეთებული მოტივაცია, განსაკუთრებით თუ ის ძალიან ძლიერია, 2-3 წელიწადში ადამიანების გადაღლას, სამუშაოთი გამოფიტვას იწვევს. რაღაც მომენტში ისინი ხვდებიან, რომ ეს სამსახური მათთვის, კარგი გამომუშავების მიუხედავად, გრძელვადიან პერიოდში საზიანოა და სხვაგან გადასვლაზე იწყებენ ფიქრს.
გადასვლით კი ადვილად გადადიან იქ, სადაც ნაკლები სტრესია, ნაკლები გეგმები, სადაც თუნდაც იგივე თანხას გამოიმუშავებენ, მაგრამ მასში ფიქსირებული კომპონენტი წილობრივად უფრო მეტია, ვიდრე არსებულ სამსახურში.