ძალიან ხშირად ორგანიზაცია არ ფლობს ინფორმაციას მომხმარებლებზე, მათ კმაყოფილებაზე, კონკურენტებზე, ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების მოთხოვნის არსებობაზე, რასაც იმით ამართლებს, რომ კვლევები ძვირადღირებული სიამოვნებაა და ამის ფუფუნება არ გააჩნიათ.
მაგრამ ყოველთვის არსებობს გზები და მეთოდები მარტივი, მაგრამ ეფექტური კვლევების ჩასატარებლად, რომელიც ასე თუ ისე ცხად წარმოდგენას შეუქმნის მენეჯმენტს მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე. ასეთი არხები ჩვენც გამოგვიყენებია და რამდენიმეს მოგიყვანთ მაგალითად:
1. ფორუმები – მომხმარებლები ძალიან ხშირად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს კომპანიებზე, პროდუქტებზე, შესაბამისად ფორუმებზე ინახება ძალიან დიდი ინფორმაცია, რომელიც უტყუარია და რეალობას შეესაბამება. აქვე შეიძლება გამოკითხვების ჩატარება, თქვენთვის საინტერესო საკითხზე თემის გახსნა და ა.შ.
2. სოციალური ქსელები – გამოკითხვის ჩასატარებლად ძალიან კარგი საშუალებაა. გამოკითხვის ფორმების გავრცელება ნაცნობებში ყოველთვის მოგცემთ საჭირო ინფორმაციას. აქვე ინტერვიუს აღებაც შეიძლება. მსგავსად გამოიყენება მეილიც და სხვა ონლაინ კომუნიკატორები.
3. სკაიპი – ძალიან გამოგვადგა ერთ-ერთ ქვეყანაში ქართველი ემიგრანტების გამოსაკითხად. ყველაზე გავრცელებულ ქართულ სახელებს ვეძებდით იმ ქვეყნის მითითებით საცხოვრებელ ადგილას. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. 100-მდე პირისგან მივიღეთ ინფორმაცია.
4. სოციალური ფაკულტეტის სტუდენტები – მათთვის კვლევის ჩატარება გამოცდილებაც არის, ამაში გარკვეულ ანაზღაურებასაც იღებენ, და ორგანიზაციაც ძალიან მცირე ხარჯებით იღებს სასურველ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, კვლევის მეთოდები, სქემა, ფორმები, მასალები ორგანიზაციამ უნდა მოამზადოს, რომელსაც ძალიან კარგი ხარისხით ასრულებენ ახალგაზრდები – ეს შეიძლება იყოს მომხმარებლების გამოკითხვა, დაკვირვება, დათვალიერება თუ სხვა რამ.
რა თქმა უნდა, უამრავი წარმატებული და არც თუ ისე ძვირადღირებული მეთოდის მოფიქრება შეიძლება, მცირე, მაგრამ სანდო კვლევების ორგანიზებისათვის. მთავარია ცხადი ამოცანა და მონდომება ამ ამოცანის გადაწყვეტისათვის.