უმაღლესი მენეჯმენტის მოტივაცია ყველაზე საჩოთირო და დელიკატურ თემად ითლება ორგანიზაციებში, ვინაიდან, როგორც წესი, ხმამაღალი ინიციატორი, ლობისტი და დამმუშავებელი ამ თემას არ ჰყავს. თვითონ უმაღლესი მენეჯმენტი ერიდება ამაზე საუბარს, დამფუძნებლები კი ხშირად ხელოვნურად უყრუებენ ამ საკითხს მაშინაც კი, როდესაც საკმაოდ ცხადად ესმით მისი მნიშნელობა.
აუცილებელია დამფუძნებლებს შორის გამოიყოს ადამიანი, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი მართვის სისტემების ზედამხედველობაზე ორგანიზაციაში. სწორედ მას უნდა დაევალოს დააინიციროს მენეჯმეჯმენტის საკომპენსაციო სქემის დამუშავების პროცესი, რომელშიც უნდა უზრუნველყოს თვითონ მენეჯმენტის და სხვა შესაბამისი სამსახურების ჩართვა. მან უნდა გაუწიოს პროექტის მომზადებას ორგანიზაცია და გაიტანოს დამფუძნებლებთან განსახილველად.
თუ ამას დამფუძნებლები არ გააკეთებენ და დაელოდებიან მენეჯმენტი თავად როდის დააყენებს ამ საკითხს, ორგანიზაცია ზრდის ბევრ კარგ შესაძლებლობას დაკარგავს, თუ კიდევ უფრო მეტი არ დაზიანდება უმაღლესი მენეჯმენტის არასათანადო მოტივაციის გამო.
შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ უმაღლეს მენეჯერებს ხელფასს იმაში უხდიან, რომ მათ ორგანიზაცია მართონ, მაგრამ ფაქტია – სწორად მოტივირებულ მენეჯმენტს ბევრად უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლია.