რაც უფრო წარმატებულად მიიჩნევს საკუთარ თავს ხელმძღვანელი, მით უფრო უჭირს განსხვავებული აზრის მოსმენა. რაც უფრო უჭირს განსხვავებული აზრის მოსმენა ხელმძღვანელს, მით უფრო ნაკლები შანსი აქვს მას, რომ გრძელვადიან პერიოდში ეს წარმატება შეინარჩუნოს.
ადამიანები, რომლებიც რაღაც ეტაპზე წარმატებას აღწევენ და ამ წარმატებას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ, როგორც წესი, სხვების მხრიდან გამოთქმული განსხვავებული აზრის მიმართ ნაკლებად ყურადღებიანები ხდებიან. ამის გამო, მის გარშემო ადამიანები იცვლებიან ან ქცევას იცვლიან, ისეთები რჩებიან, ვინც არ იწუხებს თავს განსხვავებული აზრის დაფიქსირებით ან ვისაც ასეთი საერთოდ არ გააჩნია. ხელმძღვანელი კი უფრო ისეთი თანამშრომლების მიმართ ხდება ლოიალური, ვინც ხშირად უსვამს ხაზს მის განსაკუთრებულობას და ნიჭიერებას.
ასეთი გარემო კი ნებისმიერ ხელმძღვანელს დააკარგვინებს რეალობის შეგრძნებას და საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულ მიდგომას, ძალიან ბევრ არასწორ გადაწყვეტილებას შეუწყობს ხელს და საბოლოოდ გარდაუვალ წარუმატებლობას გამოიწვევს.
თუ ადამიანი წარმატებას საკუთარ თავს არ აბრალებს, ის სხვების აზრის მიმართ მიმღებლობას არ კარგავს და საბოლოო ჯამში ახერხებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრად უფრო დაბალანსებული, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად უზრდის მას წარმატების შანსებს.