სამსახურში თევზები გვყავს ძალიან დიდი ხანია. წლების განმავლობაში დღეში ხან რამდენჯერმე ვუყრიდით საკვებს, ხან კი არავინ აჭმევდა მათ… ეს საერთო პასუხისმგებლობის ბრალი იყო – ყველა ვგრძნობდით გარკვეულ პასუხისმგებლობას და როდესაც გვახსენდებოდა – ყველა სათითაოდ ვკვებავდით, ზოგჯერ ვფიქრობდით რომ უკვე ჩაუყარეს საჭმელი და სინამდვილეში სხვებიც ასე ფიქრობდნენ, არადა დღეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მათი კვება.
ბოლოს ჩამოვყალიბდით და ერთ თანამშრომელს დაეკისრა თევზებზე მზრუნველობა. შედეგად, მას არასდროს ავიწყდებოდა თევზის გამოკვება და არც მრავალჯერ ვუყრიდით ცალ-ცალკე საკვებს.
ასევეა საქმეშიც – ძალიან ხშირად რომელიმე საკითხს ცხადი პასუხისმგებელი არ ჰყავს და თითქოს ყველას მოვალეობაა ამ საკითხზე ზრუნვა – მაგალითად პროექტის ვადებსა და ხარისხზე, ვებ-გვერდის განახლებაზე, მომხმარებელთა გამოკითხვაზე და ა.შ.. საბოლოოდ კი, ეს საქმე, ხშირად, ან არ სრულდება, ან არასათანადო ხარისხით კეთდება, ზოგჯერ დუბლირებები ხდება და რამდენიმე ადამიანის რესურსი იხარჯება ერთსა და იმავე სამუშაოზე. და, რაც მთავარია, არ ხდება კომპეტენციების, ცოდნის დაგროვება კონკრეტულ ადამიანებში, რომლებიც დღითი-დღე უკეთ ისწავლიან ამ საქმის კეთებას.
ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები არიან უპასუხისმგებლოები, თავმოუბმელები ან უნიჭოები, არაცხადი პასუხისმგებლობა არის უმთავრესი მიზეზი ამ ყველაფრისა – რეალურად საქმეს არ ჰყავს ნამდვილი, ერთი პატრონი, რომელსაც ზუსტად ეცოდინება – მასზე არის დამოკიდებული ამ საქმის კარგად შესრულება თუ შეუსრულებლობა. ისიც იცის, რომ თუ ვერ გაკეთდა საქმე, მხოლოდ მას ჰკითხავენ – რატომ. სწორედ ამიტომ, თუ გვინდა კონკრეტული ამოცანა გადაიჭრას, აუცილებელია ჰყავდეს თავისი პატრონი, რომელსაც მოეთხოვება პასუხი გადაუჭრელობის შემთხვევაში.