ორგანიზაცია სიცოცხლის ნიშნებს არ იძლევა მაშინ, როდესაც ხელმძღვანელებს თვითონ უწევთ ყველაფერზე ფიქრი და ზრუნვა, როდესაც მათგან წამოსულ ინიციატივებს და დავალებებს ქვედა რგოლების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა ხვდება. გარდა ამისა, როდესაც ხელმძღვანელი გრძნობს, რომ მისი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულები ორგანიზმის მკვდარ, უფუნქციო სხეულებად ქცეულან. ყოველივეს, როგორც წესი, სამი ძირითადი მიზეზი აქვს.
მოშლილი ვერტიკალური კომუნიკაცია ქვედა რგოლებთან ყველაზე გავრცელებული მიზეზია მათ შორის. უმაღლესი მენეჯმენტი ვერ ახერხებს მიაწოდოს რეგულარული სიგნალები გეგმების, მიზნების, ამოცანების შესახებ რიგით, ქვედა რგოლების თანამშრომლებს. ისინი კი, თავის მხრივ, ვერ ახერხებენ მიაწოდონ მენეჯმენტს ინფორმაცია ორგანიზაციაში არსებული პრობლემების შესახებ, იდეები და წინადადებები, თუ რა შეიძლება ამ პრობლემების მოსაგვარებლად გაკეთდეს. შესაბამისად, ისინი ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ორგანიზაციაში ხდება და ჩართვის მოტივაციასაც კარგავენ. შედეგად, დროთა განმავლობაში ინერტულები ხდებიან.
არამკაფიო პასუხისმგებლობები მოადგილეების დონეზე მეორე, ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზია, რაც ორგანიზაციების ინერტულობას იწვევს. თუ მოადგილეებს ფუნქციების გაუგებარი ჯგუფები აქვთ ჩაბარებული, როდესაც მათი საქმიანობა მკაფიოდ ვერ ფასდება, როდესაც მათ ერთზე მეტ მნიშვნელოვან საკითხზე ან ამოცანაზე უწევთ ყოველდღიურად ფიქრი, ეს მათ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების მთავარ ჩამკეტებად ხდის, ინიციატივების ძირითად ბარიერებად აქცევს. სწორედ ისინი ხდებიან ორგანიზაციის წინსვლის ძირითადი შემაფერხებლები.
ხოლო ორგანიზაციის ინერტულობის მესამე, ყველაზე გავრცელებული მიზეზი ქვედანაყოფებს შორის ფუნქციების და არა ამოცანების განაწილებაა. როდესაც ქვედანაყოფებს ვუნაწილებთ ფუნქციას (წარმოება, მარკეტინგი, ბუღალტერია და ა.შ.) და არა ამოცანას (უდანაკარგო წარმოება, ბრენდის განვითარება, ზუსტი, სრული და დროული ანგარიშგება და ა.შ.), მათ არ ვაძლევთ ცხად სიგნალს და მუხტს – რაზე იფიქრონ, რის გაუმჯობესებას ეცადონ და რა მიმართულებით დააგროვონ კომპეტენცია.
ამ სამი მიზეზის შედეგად ვიღებთ ინერტულ, მკვდარი სხეულებით დამძიმებულ ორგანიზაციას. მას არათუ ინიციტივების მოცემა არ შეუძლია ქვევიდან ზევით, არამედ ზევიდან წამოსულ დავალებებსაც დიდი სიზანტით, წინააღმდეგობით, უუნარობით პასუხობს. სადაც ყველაფერი დროში იწელება და შემდეგში ხელმძღვანელებს ახალი დავალებების გაცემის, წინადადებებისა და იდეების დაყენების მონდომებასაც უკარგავს.