თუ გსურთ თქვენი სტრატეგია რეალურად განხორციელდეს, ამისათვის აუცილებელი პირობაა სტრატეგიულ ამოცანებზე პასუხისმგებლობა მოადგილეებს (მმართველი გუნდის წევრებს) შორის გადანაწილდეს. ასეთ შემთხვევაში ისინი შეეცდებიან სტაბილურად მიმართონ მენეჯმენტის ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით, საკადრო, დროითი და ფინანსური რესურსებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე დაიხარჯოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ამ დროს უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ:
როდესაც ერთ ადამიანს რამდენიმე ამოცანაზე აკისრებთ პასუხისმგებლობას, ის ირჩევს მისთვის ყველაზე სასურველს და იმაზე ხარჯავს რესურსებს და ყურადღებას, დანარჩენი ამოცანები კი რეალურ პრიორიტეტულობას ავტომატურად კარგავენ. ამიტომ, სტრატეგიულ ამოცანებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვნები აჯობებს სათითაოდ გადაანაწილოთ.
როდესაც ერთ ადამიანში კონფლიქტურ ამოცანებზე პასუხისმგებლობა იყრის თავს (გაყიდვები და მომსახურება, მარკეტინგი და წარმოება, გაყიდვები და წარმოება, რისკები და გაყიდვები, გაყიდვები და რისკები და ა.შ.), ის თვითონ იწყებს ამ კონფლიქტის მოგვარებას და მენეჯმენტის სხვა წევრები მასში მონაწილეობას ვეღარ იღებენ. რაც ხშირად იმით მთავრდება, რომ კონკრეტულ შემთხვევებში ეს კონფლიქტი ყოველთვის არ წყდება ორგანიზაციის ინტერესების შესაბამისად.
ყველაზე დიდი ამოცანაა ის, რომელიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზაციისათვის (მაგ.: პროდუქტის ან მომსახურების ხარისხის ამაღლება, ან გაყიდვების გაზრდა) უმჯობესია დაიშალოს პატარა ამოცანებად და ისე გადანაწილდეს მოადგილეებს შორის. ასეთ დროს მთელი ორგანიზაცია დაიწყებს ამ ამოცანების გადაჭრაზე მუშაობას, შესაბამისად მეტი დრო და მეტი რესურსი დაიხარჯება ამ მიმართულებით და შედეგიც ბევრად უკეთესი იქნება.
25 ივლისი, 2013წ