როდესაც სტრუქტურებს ვაკეთებთ, ბევრი კომპანიის მენეჯმენტი ინტერესდება საზღვარგარეთის პრაქტიკით – რას ეყრდნობა ჩვენი მოსაზრება და თუ არსებობს მსგავსი სტრუქტურები.
მართლაც, იქნებ გაცილებით მარტივია რომელიმე წარმატებული მსგავსი კომპანიის სტრუქტურის კოპირება, ასე ხომ თითოეულ კომპანიას ექნებოდა გამოცდილი და წარმატებული სტრუქტურა. რეალობა გაცილებით რთულია. ერთსა და იმავე სფეროში მოღვაწე წარმატებულ, თითქოს მსგავს კომპანიებსაც კი რადიკალურად განსხვავებული სტრუქტურები აქვთ, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. მათ წარმატებას ის კი არ განაპირობებს, რომ, უბრალოდ, კარგი სტრუქტურა აქვთ, არამედ ის, რომ სტრუქტურა მორგებულია მათ ამოცანებზე, გარემო პირობებზე, შიდა რესურსებზე, ლიდერულ უნარებზე, პრიორიტეტებზე.
სწორედ ამიტომაც, სტრუქტურის შექმნას სჭირდება ყველა ეტაპის გავლა – პრიორიტეტების განსაზღვრა, არსებული რესურსების შეფასება, პროცესების გააზრება, რათა ჩამოყალიბდეს უნიკალური, ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული ქმედითი სტრუქტურა.