დღევანდელ რეალობაში ორგანიზაციების მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა სწრაფი ადაპტირების და ცვლილებების უნარი – ახალი პროდუქტების, ახალი ბაზრების, ახალი ტექნოლოგიების შესაბამისად.
ორგანიზაციებს, რომლებსაც მკაცრად სტრუქტურირებული იერარქია და დიზაინი გააჩნიათ, ძალიან უჭირთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. მეტ წარმატებებს კი აღწევენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც გაცილებით მოქნილი სტრუქტურა გააჩნიათ, სადაც მუშაობენ გუნდური პრინციპებით. ბევრი გადაწყვეტილება კოლეგიალურად მიიღება, ადამიანებს აქვთ არა ვიწრო და კონკრეტული ფუნქციები, არამედ ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე – ფართო ამოცანები.
თუმცა, ასეთი სტრუქტურები მაღალკვალიფიციურ კადრებსაც მოითხოვენ, რომელთაც აქვთ უნარი და ამბიცია, გადაჭრან სხვადასხვა სირთულის ამოცანები, მუდმივად განვითარდნენ, რათა დაძლიონ ახალი გამოწვევები.