ორგანიზაციისათვის ყველაზე რთული და მძიმეა ის სისტემური პრობლემები, რომლებიც ტოპ–მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის როლების და პასუხისმგებლობების არასწორი განაწილებით არის განპირობებული.
ამ მხრივ სტრუქტურაში არსებული შეცდომები იწვევს ისეთ გართულებებს, რომელთა აღმოჩენა, უფრო მეტად კი აღმოფხვრა განსაკუთრებით რთული და მტკივნეულია ორგანიზაციებისათვის.
თუ რომელიმე მენეჯერის პასუხისმგებლობა ბუნდოვანია, ის ან საერთოდ არ აკეთებს არაფერს, ან ბევრ კოლეგას უქმნის დისკომფორტს. ხოლო თუ რომელიმე ორი ან მეტი ტოპ–მენეჯერის ფუნქციები ან პასუხისმგებლობები ფარავს ერთმანეთს მათ შორის ყოველთვის არის დაპირისპირება, იკარგება დრო, ემოციები, ფული.
თუ მნიშვნელოვანი ამოცანა ან მიმართულებაა, რთულია და პირდაპირ არავის პასუხისმგებლობაში არ შედის ყველა ერიდება, ერთმანეთს “ატენის” ამ მიმართულებით გაჩენილ პრობლემებს.
თუ სხვადასხვა ტოპ–მენეჯერის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებს ძალიან სჭირდებათ კოორდინაცია ერთმანეთთან იმისათვის, რათა ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანმა პროცესმა გამართულად იმუშაოს, ისინი ამას სუბორდინაციის პრობლემების გამო ვერ ახერხებენ და ამით ორგანიზაცია ზარალდება.
თუ რომელიღაც ტოპ–მენეჯერთან სრულად იკეტება რომელიმე ამოცანა, არავინ მისი საკურატოროს გარეთ ამ ამოცანის და ფუნქციების პარალელურ კონტროლს ვერ ახორციელებს. ამ დროს მენეჯერი თავის საკურატოროში იკეტება, “ჩინეთის დიდი კედლის” შემოვლებას იწყებს “სამფლობელოსთვის” და ცდილობს უცხო თვალს მოაცილოს ყველაფერი, რაც მის შიგნით ხდება.
მოკლედ, სისტემური პრობლემების უდიდესი ნაწილი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის პასუხისმგებლობების, ამოცანების და ფუნქციების არასწორი განაწილებისგან იღებს სათავეს, როგორც წესი, სწორედ ამ კუთხით სტრუქტურაში არსებული ხარვეზებით გამოწვეული პრობლემები ყველაზე დიდ და ყველაზე მტკივნეულ წინააღმდეგობებს ქმნის ორგანიზაციების გამართული მუშაობისთვის.