ახალი სტრუქტურის დანერგვა ბევრს რთულად ან ზოგჯერ შეუძლებლადაც კი ეჩვენებათ, გამომდინარე იქედან, რომ არ იციან ცხადად, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ კუთხით. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს გამოვყოფთ დანერგვის პროცესში (კოლეგიალურების ამოქმედება, დაკომპლექტება, დოკუმენტაციების მომზადება…), და ამ ეტაპებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის სწორი კომუნიკაციაა თანამშრომლებთან.
თუ სტრუქტურა არ ესმის თითოეულ წევრს, რთულია ის აამოქმედო და სწორად გამართო, გარდა ამისა, თანამშრომლები ამ თემაში ჩართვისას გრძნობენ, რომ რეალურად ღირებულები არიან ორგანიზაციისათვის და იზრდება მათი მოტივაცია/ლოიალურობა.
მაინც, როგორ უნდა მოხდეს სტრუქტურის გაცნობა თანამშრომლებთან? ყველა ორგანიზაციისათვის ეს ინდივიდუალურად არის გადასაწყვეტი – რა თანმიმდევრობით, რა შემადგენლობით, ვის მიერ ჩატარდება კომუნიკაცია, თუმცა ზოგადი მოდელი შემდეგნაირია:
- უნდა განისაზღვროს კომუნიკაციის გუნდი/გეგმა – ვინ ვისთან მოახდეს სტრუქტურის გაცნობას. აუცილებელია ეს გუნდი დაკომპლექტებული იყოს სტრუქტურის შემმუშავებლებისგან, რადგან მათ ყველაზე უკეთ ესმით სტრუქტურა.
- სტრუქტურის პრეზენტაცია შუა რგოლის მენეჯმენტთან – პირველ რიგში სწორედ მათ უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ ახალი სტრუქტურა კარგად-რატომ ჩამოყალიბდა ასეთი სახის სტრუქტურა, რა უპირატესობები აქვს მას, როგორ მუშაობს. ასევე უნდა მოხდეს შუა რგოლის მენეჯმენტთან მათი როლის გავლა – ახალ სტრუქტურაში რა ამოცანა ეკისრება, რაზე იქნება პასუხისმგებელი, რა იქნება მისი ფუნქციები – თუმცა ეს სასურველია ინდივიდუალურად მოხდეს ყველასთან სათითაოდ დანერგვის გუნდის მიერ.
- სტრუქტურის კომუნიკაცია დანარჩენ თანამშრომლებთან- პირველ ეტაპზე უნდა ჩატარდეს საერთო პრეზენტაცია, სადაც უბრალოდ ახალ სტრუქტურას გააცნობენ ყველა წევრს. შემდგომში კი თითოეულ გუნდთან/დეპარტამენტთან ინდივიდუალურად უნდა მოხდეს მათი ახალი როლის და ამოცანის გავლა. ამას უნდა ესწრებოდეს დანერგვის გუნდის წარმომადგენელი და დეპარტამენტის/გუნდის ხელმძღვანელი.
- საკონსულტაციო საათების გამოყოფა – კვირის განმავლობაში მზად უნდა იყოს დანერგვის გუნდი, გამოყოს დრო და გასცეს თანამშრომლების კითხვებს პასუხები, მოისმინოს მათი შენიშვნები და რიგ შემთხვევებში გაითვალისწინოს კიდეც.
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ეტაპები შეიძლება განსხვავებული იყოს ორგანიზაციებისათვის, თუმცა ყველა შემთხვევაში აუცილებლად თითოეულ თანამშრომელთან უნდა მოხდეს სტრუქტურის და მათი როლის კარგი და სრულყოფილი კომუნიკაცია.