ყველაზე კარგად აწყობილი ორგანიზაციები, ისინი, ვინც არათუ ოპერაციულად მუშაობენ გამართულად, არამედ განვითარებითაც გამუდმებით ვითარდებიან, ამას სწორად შექმნილი სისტემური ინტერესთა კონფლიქტებით ახერხებენ ყველაზე უკეთ.
გაყიდვები ითხოვენ კარგ მომსახურებას, მომსახურება ითხოვს უკეთეს მხარდაჭერას, პროდუქტების განვითარება მათ უკეთესი ხარისხით წარმოებას. წარმოება ითხოვს შეუფერხებელ მომარაგებას, იდეების გენერატორები მათი იდეების სწორად და კარგად განხორციელებას, პროცედურების განვითარებაზე პასუხისმგებლები ამ პროცედურების შესრულებას და ა.შ. და ა.შ.
თუ ორგანიზაციას ისე მოვაწყობთ, რომ ეს კონფლიქტები მენეჯმენტისთვის საინტერესო ინფორმაციის ზემოთ ამოტანას შეუწყობს ხელს, რაც სულაც არ არის რთული სწორი სტრუქტურული დიზაინის შემთხვევაში, ეს უფრო სწრაფად, უფრო მეტი და უკეთესი ხარისხის გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება.
ერთადერთი საზრუნავი ის იქნება, რომ ამ პროცესში წარმოქმნილი დაპირისპირებები პიროვნულ ურთიერთობებზე არ აისახოს უარყოფითად. ამისთვის რეგულარული შეხვედრები, განხილვები, მათ შორის არაფორმალურ გარემოში, საუკეთესო საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს.