თუ თანამშრომლებს შორის პასუხისმგებლობებს და ფუნქციებს ისე გადავანაწილებთ, რომ ერთმანეთი აკონტროლონ, გაცილებით ადვილი გახდება გუნდის, ან თუნდაც მთლიანი ორგანიზაციის მართვა.
თუ პირველი პირის მოადგილეებს შორის ისე გადავანაწილებთ პასუხისმგებლობებს, რომ მათ, მათი სამსახურებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხვა მოადგილის, ან მოადგილეების მეთვალყურეობაც მოუწიოთ, დირექტორატს ვაქცევთ ადგილად, სადაც ამ კონფლიქტების შედეგად წამოსული ინფორმაცია განიხილება და მათზე რეაგირების სტრატეგია დაისახება. აქ დირექტორატიც ბევრად აქტიური ორგანო გახდება, გაცილებით შემცირდება პირველი პირის მიერ მართვაზე დასახარჯი ძალისხმევა და საბოლოო ჯამში შედეგებიც ბევრად უკეთესი იქნება.
მაგალითად, გაყიდვებზე პასუხისმგებელი მოადგილე გააკონტროლებს მომსახურებაზე პასუხისმგებელ მოადგილეს, ან წარმოებაზე პასუხისმგებელს, ასორტიმენტის განვითარებაზე პასუხისმგებელი გაყიდვებს, ფინანსურ ეფექტიანობაზე პასუხისმგებელი ყველას – ხარჯების რაცონალურობის თვალსაზრისით, მომსახურებაზე პასუხისმგებელი მხარდაჭერაზე პასუხისმგებელს და ა.შ.
შედეგად ხელმძღვანელს ყოველთვის ექნება ბევრად მეტი დეტალური ინფორმაცია, თითოეული მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, ვიდრე ამას თვითონ დამოუკიდებლად, ან შიდა კონტროლის სამსახურის მეშვეობით მოახერხებდა.
ასეთ პარალელურ კონტროლზე დაფუძნებული სტრუქტურისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირველმა პირმა ორგანიზებულად იზრუნოს მმართველი გუნდის წევრებს შორის კარგი პირადი ურთიერთობების შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ხშირად შეეცადოს ორგანიზება გაუკეთოს გასვლით ღონისძიებებს, მათ შორის ოჯახებთან ერთად, რათა სამსახურებრივი ინტერესთა კონფლიქტი პირად ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახოს.