დღეს სამინისტროების მოწყობა ძირითადად შემდეგნაირად ხდება: განისაზღვრება მინისტრის მოადგილეები, და დეპარტამენტებს და სამსახურებს ინაწილებენ იმის მიხედვით, თუ ვის რა გამოცდილება და კომპეტენციები აქვს. ეს შედეგად იწვევს სტრუქტურის რამდენიმე წესის დარღვევას, კერძოდ:
- ხელმძღვანელების არაცხადი ამოცანა – მოადგილეები პასუხისმგებლები უნდა იყვნენ ერთ კონკრეტულ ამოცანაზე, და არა სტრუქტურულ ერთეულებზე. როდესაც ადამიანი ფასდება, რამდენად კარგად გადაჭრა ამოცანა – ის მუდმივად ფიქრობს და ზრუნავს იმაზე, მოიფიქროს იდეები, დააორგანიზოს ღონისძიებები და მართოს ქვესტრუქტურები ამოცანის გადასაწყვეტად, და სრულიად გასხვავებულია ადამიანის ქცევა, რომელიც პასუხისმგებელია სტრუქტურებზე – ის გაცილებით მეტს ზრუნავს, ხელი დააფაროს და დაიცვას ეს სტრუქტურები, ვიდრე კონკრეტულ მიზნებს მიაღწიოს. გარდა ამისა, ძალიან რთულდება მისი საქმიანობის შეფასება – რამდენად კარგად მუშაობს ის, რა შედეგებს აღწევს.
- კონფლიქტური ამოცანების ერთად მოქცევა – ზოგჯერ ისეთი სტრუქტურული ერთეულების ერთად თავმოყრა ხდება, რომელთა შორისაც არსებობს ბუნებრივი კონფლიქტი. როდესაც კონფლიქტური სტრუქტურები სხვადასხვა მოადგილეებს შორისაა გადანაწილებული, ეს იძლევა საშუალებას, გამოვავლინოთ პრობლემები თითოეული მიმართულებით, ვინაიდან მოადგილეები მუდმივად საუბრობენ მათზე, და ეს ინფორმაცია ეხმარება მენეჯმენტს, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. როდესაც ერთი მოადგილის დონეზე იკეტებიან ესეთი სტრუქტურები, ღირებულ ინფორმაციას მოადგილე თავის დონეზე კეტავს და მენეჯმენტს მასზე აღარ აქვს წვდომა.
- კოორდინაციის პრობლემა – ზოგჯერ ხდება ისეთი სტრუქტურების ერთმანეთისგან დაშორება, რომელთა შორისაც კრიტიკულია კოორდინაცია და ერთობლივი მუშაობა. ასეთ შემთხვევაში ხშირად პრობლემდება პროცესები, იწელება ვადებში და რთულდება გადაწყვეტილებების მიღება, ვინაიდან ამ ერთეულებს არ აქვთ ერთმანეთთან აქტიური ურთიერთობა.
სწორედ ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, თითოეულ მოადგილეს მიეცით ძალიან ცხადი, მკაფიო, კონკრეტული ამოცანა და სტრუქტურები ამოცანის მიხედვით გადაუნაწილეთ – ის ერთეული დაუქვემდებარეთ, რომელიც სჭირდება ამ ამოცანის გადასაჭრელად. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ორგანიზაცია გაცილებით ეფექტურად იწყებს ფუნქციონირებას.