იმ ქართული ორგანიზაციების 80%-ში, სადაც გვიწევს მუშაობა, პირველი პირები ცხადად ვერ აფასებენ ნეპოტიზმის პოლიტიკის უარყოფით მხარეებს და ზოგადად ადამიანური რესურსების მნიშვნელობას კომპანიისათვის. რეალურად კი ნეპოტიზმი ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს და სერიოზულად აფერხებს ორგანიზაციის განვითარებას, საიდანაც ერთ-ერთზე გვინდა მოგიყვეთ.
გარდა არაკომპეტენტურობისა, პასუხისმგებლობის ნაკლებობისა, პირადი და სამსახურებრივი ურთიერთობის აღრევისა, ასეთ ორგანიზაციებში გვხვდება მართვის ისეთი სტილი, რომლითაც შეუძლებელია მდგრადი ზრდა და გამართული ფუნქციონირება: პირველ პირს ექვემდებარება ყველა პოზიცია – სტრუქტურულად როგორც არ უნდა იყოს გამოსახული რგოლები, ახლობლები და ნათესავები მხოლოდ პირველი პირის გაცემულ დავალებებს ასრულებენ და სხვებისას უგულებელყოფენ. ყველაზე დაბალ პოზიციაზე მყოფიც კი თვლის, რომ მისი უფროსი დირექტორია და არა კონკრეტული ხელმძღვანელი, ვინაიდან დირექტორმა დანიშნა და მის გარდა ვერავინ მოხსნის.
შუა რგოლის მიერ გაცემული დავალებები არ სრულდება ან უხარისხოდ სრულდება, ვინაიდან მას არ აქვს არანაირი ბერკეტი, პირველი პირის დანიშნულს მოსთხოვოს მკაცრად რამის გაკეთება. დროთა განმავლობაში შუა რგოლი ამჩნევს საკუთარ უუნარობას და ცდილობს, პირველი პირი ჩართოს და მას გააცემინოს დავალება, რათა ასე მაინც გაკეთდეს საქმე.
საბოლოოდ ვიღებთ შედეგს, რომ ყველა პირველ პირთან ადის, მის მიერ გაცემულ დავალებებს ასრულებს, შუა რგოლი რეალურად ვერ მართავს სიტუაციას, და ისიც დირექტორზე დამოკიდებული ხდება, და დელეგირებაც ვერ ხერხდება.
როცა კომპანიაში 10-15 თანამშრომელია, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ ზრდასთან ერთად შეუძლებელი ხდება მართვა. პირველი პირი ყველას ინდივიდუალურად ვერ მისცემს დავალებას, ვერ გააკონტროლებს შესრულებას და შედეგად დაუსჯელობის სინდრომი და უსაქმურობა ყალიბდება თანამშრომლებში. ასეთ დროს ოპერაციული მართვა გაუმართავი და უსისტემოა.
მეორე მხრივ კი, პირველ პირს არც განვითარებაზე რჩება დრო, ვერც სტრატეგიულ ამოცანებზე ფიქრისთვის იცლის და კომპანია იწყებს ერთი ადგილის ტკეპნას.
ამიტომ ვურჩევთ ყველას, ჩამოაყალიბოს სწორი და გამართული რეკრუტინგის სისტემა. თუ ნათესავი შეესაბამება კონკრეტულ პოზიციას უნარებით, ცოდნით, მაშინ რა თქმა უნდა, უკეთესიცაა მისი დანიშვნა, სხვა შემთხვევაში კი “დახმარების სურვილი” უარყოფითად შემოუტრიალდება ორგანიზაციას და გაურთულებს ცხოვრებას როგორც პირველ პირს, ისე სხვა თანამშრომლებსაც.
თუ ეს პრობლემა თქვენთან უკვე დგას, გირჩევთ სტატიას: ნათესავები სამსახურში