ადამიანი საკუთარ თავს პასუხს ისე ვერ სთხოვს, როგორც სხვას. შესაბამისად, როდესაც ადამიანები თვითონვე მართავენ საკუთარ დაფუძნებულ ორგანიზაციებს, როგორც წესი, ნაკლებად დაძაბულად და მობილიზებულად მუშაობენ, ვიდრე აღმასრულებელი, დაქირავებული ხელმძღვანელი, რომელსაც დამფუძნებლები კვალიფიციურად მეთვალყურეობენ. ამ უბრალო მიზეზით ასეთ ორგანიზაციებში ბევრად მეტი და ბევრად პროდუქტიული სამუშაო სრულდება.
დამფუძნებლის მიერ მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მართვაში კიდევ არის რამდენიმე პრობლემა იმის გარდა, რომ პირველ პირზე პასუხისმგებლობის წნევა არის ნაკლები. კერძოდ:
დამფუძნებელ ხელმძღვანელებს ძალიან უჭირთ გადაწყვეტილებების მიღებაზე უფლებების გადაცემა საშუალო რგოლის ხელმძღვანელებისთვის, რაც მას ტოვებს ოპერაციული პროცესების ეპიცენტრში და ამით ამცირებს ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბის ზრდის შესაძლებლობებს.
ამას გარდა, დამფუძნებელ ხელმძღვანელებს ძველი მეხსიერება ძალიან უშლით ხელს გაცილებით ფართოდ და სტერეოტიპების გარეშე დაინახონ ორგანიზაციის მომავალი. ის მოგონებები, რომელიც ძველ გაჭირვებას, საწყის ეტაპზე ბევრ წვალებას უკავშირდება, რაღაც ეტაპზე შესაძლოა ხელის შემშლელი გახდეს ახალი ხედვების ჩამოყალიბების პროცესში. ასეთ დროს გარკვეული “ახალი ძალების” არსებობა მეტი გარანტიაა იმისა, რომ გარემოში არსებულ შესაძლებლობებს ორგანიზაცია უკეთ გამოიყენებს.
თუმცა მხოლოდ ხელმძღვანელის დაქირავება და მისთვის უფლებამოსილებების ფორმალური გადაცემა არასოდეს არ ამართლებს. იმისათვის, რომ მოდელმა გამართულად იმუშაოს აუცილებელია:
ა) გაიმართოს მეთვალყურეობის კარგად აწყობილი სისტემა სამეთვალყურეო საბჭოს სახით, რომელსაც ეცოდინება რა დონეზე და რა შემთხვევაში შეიძლება ჩაერთოს მიმდინარე მართვაში. სად გადის მისი და აღმასრულებელი მენეჯმენტის უფლებამოსილებებს შორის ზღვარი. სამეთვალყურეო საბჭო უნდა იყოს კომპეტენტური, მუშაობდეს ინტენსიურად და არ უნდა არღვევდეს მისი უფლებამოსილებების საზღვრებს.
ბ) აუცილებელია აღმასრულებელი მენეჯმენტი არ დაეკიდოს ამ ერთ, დაქირავებულ ხელმძღვანელზე. არამედ უნდა შეიქმნას მმართველი გუნდი, რომელშიც დაბალანსებულად, გონივრულად იქნება გადანაწილებული პასუხისმგებლობებიც, როლებიც და ძალაუფლებაც. გუნდის წევრებს უნდა მიეცეთ კონკრეტული ამოცანები და საკმარისი თავისუფლება მოქმედებისათვის, რათა ეს ამოცანები გადაწყვიტონ.
გ) დამფუძნებლებს, რომლებიც უშუალო მართვიდან გადიან ეჩვენებათ, რომ ახლად დაქირავებული აღმასრულებელი გუნდი ნაკლები გამოცდილებიდან და ნაკლები მოტივაციიდან გამომდინარე ბევრ შეცდომას უშვებენ. დამფუძნებლებს უნდა ეყოთ ნებისყოფა, მოთმინება და გონიერება, არასწორი რეაგირება არ მოხდინონ ამ “შეცდომებზე” და ერთი მხრივ რჩევებით, მაგრამ მეორე მხრივ თავისუფლების არ შეზღუდვით მოთმინებით დაელოდონ როდის იქცევა ასეთი გუნდი მართვის ეფექტურ რგოლად.
რაც უფრო ხშირად მოიკითხავს სამეთვალყურეო საბჭო აღმასრულებელი გუნდისგან ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ, და მეორე მხრივ რაც უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს მათ მოქმედებებში, მით უფრო დიდი იქნება პასუხისმგებლობის განცდა აღმასრულებელ ხელმძღვანელზეც და აღმასრულებელ გუნდზეც მთლიანად. საქმეც ბევრად მეტი და დროთა განმავლობაში უკეთესადაც გაკეთდება.