ახლა ზუსტად ის დროა, მენეჯმენტმა სტრატეგიას რომ უნდა გადახედოს და 2015 წლის გეგმების და ბიუჯეტის შემუშავება დაიწყოს თანამშრომლებთან ერთად.
სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს ორგანიზაციის ტოპ მენეჯმენტის გუნდი შემდეგი საკითხების გადახედვით, განხილვით და შეთანხმებით უნდა იწყებდეს:
- ორგანიზაციის არსებული მისია / დანიშნულება.
- მომავლის ხედვა – დაუშვათ სამ წლიან პერსპექტივაში ვინ იქნებიან ჩვენი ძირითადი მომხმარებლები, მთავარი პროდუქტი/სერვისი რა იქნება, ჩვენი კონკურენტული უპირატესობა რა იქნება, რის გამოც ჩვენ აგვირჩევს მომხმარებელი, რაში გვინდა გვქონდეს დაგროვილი სტრატეგიული კომპეტენციები, რასაც არ შევიძენთ გარედან, საქმიანობის მასშტაბს ამ დროისთვის რითი გავზომავთ და რისთვის უნდა გვქონდეს მიღწეული და ა.შ. ამ კომპონენტების გადახედვა და შეჯერება.
- სტრატეგიული ამოცანები – გადახედვა რამე ხომარ შეიცვალა არსებულ ჩამონათვალში, რამე დასამატებელი, ამოსაღები, გასაყოფი ან შესაცვლელი ხომარ არის. და პრიორიტეტების ხელახლა მინიჭება – რაზე უნდა დახარჯოს უფრო მეტი ძალისხმევა ორგანიზაციამ მომდევნო წელს, რა მიმართულებას სჭირდება ყველაზე მეტად გაძლიერება არსებული მოთხოვნებიდან, ორგანიზაციის მდგომარეობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
თუ ამას კიდევ დაუმატებს შიდა და გარე გარემოს ანალიზს, რაც შიდას შემთხვევაში თანამშრომლებში ელექტრონული ფორმით SWOT ანალიზის ჩატარებითაც შესაძლებელია და გარე გარემოს შემთხვევაში ბაზრის და კონკურენტების ძირითადი ტენდენციების შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოუყრის ორგანიზაცია თავს, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ მომდევნო წელი გააზრებულად დაგეგმოს. თანაც ისე, რომ დეკემბრისთვის მომდევნო წლის სამოქმედო და საოპერაციო გეგმები და ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული ჰქონდეს.