როდესაც ორგანიზაციას მართავს ერთი პირი, ყველაფერი მასთან თანხმდება, მის გარეშე არავინ იღებს გადაწყვეტილებას, არავის სურს ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, არ სრულდება სხვა თანამშრომლებისგან წამოსული დავალებები, პირველი პირი კი სულ უფრო ეფლობა რუტინულ, უმნიშვნელო საკითხებში და ვეღარ იცლის განვითარების თემებზე, სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ფიქრისთვის. ორგანიზაციაც ინერციით მოძრაობს,აღარც აქტიურად იზრდება და მიმდინარე საქმეებშიც სულ უფრო მეტი პრობლემები იჩენს თავს. გადაწყვეტილებების ხარისხიც მცირდება და შეცდომების დაშვების რისკები მატულობს.
სულ სხვა ვითარებაა, როდესაც ორგანიზაციას მართავს გუნდი – რომლის წევრებსაც მნიშვნელოვანი ამოცანები აქვთ გადანაწილებული. ასეთ დროს პირველ პირს უჩნდება საყრდენი ძალა, ვისზეც ახდენს თემების დელეგირებას, ბევრი საკითხი მათ მიერ გვარდება, თანამშრომლებში იზრდება პასუხისმგებლობის გრძნობა, ჩნდება ახალი და საინტერესო იდეები, გადაწყვეტილებების ხარისხი მნიშვნელოვნად მატულობს, ვინაიდან ერთპიროვნულად კი არა, გუნდურად მიიღება, მსჯელობის, კამათის საფუძველზე.
რა თქმა უნდა, ასეთ დროს მთავარი გამოწვევაა, სწორად განისაზღვროს მთავარი ამოცანები, რომელთაც პასუხისმგებელი პირები უნდა გააჩნდეთ, და ამის შემდეგ სწორი კადრები იქნან შერჩეულები.