დაუფიქრებელი და გაუაზრებელი არსებითი ცვლილებები ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ყველაფრის უცვლელად დატოვება. ის რაც დღეს არის, ის უფრო ადვილად პროგნოზირებადი და შეფასებადია, თუ მაქსიმუმ რა უარყოფითი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც სიტუაციაში და თანამშრომლებში კარგად გაურკვეველი ადამიანის მიერ არის ინიცირებული, სრულიად არაპროგნოზირებადი უარყოფითი შედეგების მიზეზი შეიძლება გახდეს.
სამწუხაროდ ხშირად ისე ხდება, რომ ახლად მისულ ხელმძღვანელს ერთი სული აქვს რაღაცა მნიშვნელოვანი შეცვალოს ორგანიზაციაში. მიადგებიან ადამიანებს და ცვლიან, მიადგებიან სტრუქტურას და აქაც მნიშვნელოვან რაღაცებს ცვლიან, მიადგებიან ყველაფერს, რაც დახვდებათ და დაიწყებენ მის კრიტიკას და ცვლილებას. დასცინიან და აკრიტიკებენ ყველაფერს, რასაც ადვილად ვერ ხვდებიან რატოა გაკეთებული სწორედ ასე და ანგრევენ იმას, რაც თვითონ არ აუშენებიათ. თან ისე, რომ არც ეკითხებიან არავის ნორმალურად რა არის კარგი იმაში, რაც არის, რატომ გაკეთდა ის, რაც გაკეთდა და ა.შ.
ადამიანების უმრავლესობას, სამწუხაროდ, მიაჩნია, რომ ის, რაც მისი მონაწილეობის გარეშეა გაკეთებული, სისულელეა და მისი ვალია სასწრაფოდ “ჭკვიანური” ჩარევით გამოასწოროს მდგომარეობა. ასეთი განწყობით გაკეთებული ცვლილებები ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ორგანიზაციას.
ყველა ცვლილებას, ერთი შეხედვით როგორი ზედაპირულიც არ უნდა იყოს, თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები მოყვება, აბსოლუტურად ყველა ცვლილებას. როდესაც ჩვენ ცვლილებების იდეაში მხოლოდ მის დადებით შედეგებს ვხედავთ და გვიხარია, თანაც მოგვწონს ეს იდეა, იმიტომ, რომ ჩვენს ნათელ თავში არის დაბადებული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ყველა მის შესაძლო უარყოფით შედეგს არ დავინახავთ და შევაფასებთ, სანამ კარგად არ შევადარებთ იმას, რასაც ვცვლით და არ დავრწმუნდებით, რომ არსებულს იმდენად ჯობს, რომ ცვლილებების ტკივილად ღირდეს, იქამდე ცვლილებების განხორციელება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ჩვენთვისაც და ორგანიზაციისთვისაც.