თუ თანამშრომლებს არასოდეს მივცემთ ერთჯერად დავალებებს, ამის ნაცვლად პერმანენტულ ამოცანებს გავუნაწილებთ და მათ გადასაჭრელად კონკრეტულ მიზნებს დავუსახავთ, ვთხოვთ, თვითონვე მოიფიქრონ გზები და მათ განხორციელებაშიც მაქსიმალურ დახმარებას აღვუთქვამთ, ისინი გაცილებით პროაქტიულები, ინიციატივიანები, ენერგიულები გახდებიან. ასე ინფორმაციას და ცოდნასაც ღრუბელივით შეისრუტავენ, პასუხისმგებლობასაც აიღებენ და ბევრად მეტსაც იმუშავებენ.
ძალიან ხშირად, ორგანიზაციებში, როგორც უმაღლესი, ისე საშუალო რგოლის ხელმძღვანელები ამჯობინებენ კონკრეტული, ერთჯერადი დავალებები მისცენ ქვეშევრდომებს, ვიდრე ამოცანები გადაუნაწილონ და მიზნები დაუსახონ. აი, ასეთი რეკლამა გამიკეთე, აი, ასეთი პროდუქტი მოამზადეთ რომ უკეთ გაიყიდოს, აი, ასეთი გაყიდვების მიდგომით იმოქმედეთ, აი, ასე შეცვალეთ პროცედურები, რისკები რომ არ გაიზარდოს, დოკუმენტი მომიმზადე ისე, რომ მასში ასე ეწეროს, ეს გამიკეთე, ის გამიკეთე და ა.შ.
თითქოს ასეთი დავალებები უფრო ადვილი გასაცემია, ვიდრე ის, რომ დაფიქრდე და მიხვდე, როგორ გაანაწილო პერმანენტული ამოცანები დაქვემდებარებულებს შორის და რა მიზნები დაუსახო ამ ამოცანებისკენ მათ მისამართად. ასეთ დავალებებში ხელმძღვანელები საკუთარი შემოქმედებითი უნარების რეალიზებასაც მეტად ახერხებენ და მიღებულ შედეგებზე და გაკეთებულ საქმეზეც მეტი სიამაყით ლაპარაკობენ.
მაგრამ, მართვის ასეთი სტილი უმეტესად იმას ნიშნავს, რომ ვერც ბევრი საქმე გაკეთდება, დეტალების დონეზეც ძალიან ძნელი იქნება შესრულების მაღალი ხარისხის მიღწევა, დროშიც გაიწელება მათი დასრულება, თანამშრომლებიც რეაქტიულები იქნებიან ამ პროცესში და ხელმძღვანელებიც ძალიან ბევრს იწვალებენ, სანამ თითოეულ ასეთ დავალებას ბოლომდე მიაყვანინებენ თანამშრომლებს.
მაგრამ თუ დაქვემდებარებულებს, მაგალითად, ვთხოვთ, შენ პროდუქტების განვითარებაზე იფიქრე და იმუშავე, შენ გაყიდვების მაქსიმიზაციაზე, შენ მომსახურების მაღალ ხარისხზე, შენ რისკების მინიმიზაციაზე. ან შენი მიზანია გამოუშვა პროდუქტები, რომლებიდანაც თითოეული ამდენ გაყიდვებს მოგვიტანს, შენ უნდა უზრუნველყო არსებული პროდუქტების ამ მოცულობით გაყიდვა, ისეთი სარეკლამო კამპანია ჩაატარეთ, რომ მინიმუმ ამდენი დაინტერესებული მოიყვანოს, შენ მომხმარებლების ასეთ კმაყოფილებას უნდა მიაღწიო და შენ კი რისკების ამ ჩარჩოებში შენარჩუნებაზე უნდა იზრუნო – მათი ქცევა, მონდომება, ენერგიულობა, ინიციატივიანობის ხარისხიც რადიკალურად განსხვავებული იქნება.