ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



როცა უნდა გაუშვა და არ უშვებ

არის ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაში ვიცით რომ არ უნდა ვიყოთ ჩართული და დროს არ უნდა ვხარჯავდეთ. ეს არაერთხელ გაგვიჟღერებია კიდეც, მაგრამ მაინც არ ვეშვებით. გადის ერთი კვირა, ორი, მერე მთელი თვე, შეიძლება წელიც, მაგრამ არ ვთავისუფლდებით ამ ამოცანისგან.

დიახ, არ ვთავისუფლდებით და არა ვერ. ხშირ შემთხვევაში რეალურად ასეა. შეიძლება იმიტომ რომ მოგვწონს, იმიტომ რომ მიჩვეულები ვართ საქმის ასე კეთებას, ინერციით მიდის თავისით პროცესი, ან იმ ამოცანას გავურბივართ, რაზეც რეალურად უნდა ვხარჯავდეთ დროს.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ამოცანა, რომელშიც არ უნდა ვიყოთ ჩართული, აუცილებლად უნდა გავუშვათ. დაეხმარეთ შესაბამის პირებს პასუხისმგებლობის სრულად აღებაში, სწავლასა და განვითარებაში. შეიმუშავეთ პრინციპები, რომელთა მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ და გაურკვეველ საკითხებზე თავად გადაწყვიტონ რომელი შეკითხვით როდის მოგმართონ. თავიდან ეს შეკითხვები იქნება ბევრი, მაგრამ ნელ-ნელა შემცირდება. ანუ ხელი კი არ უნდა ვკრათ და გადავაგდოთ პასუხისმგებლობის მდინარეში ყოველგვარი დაზღვევის გარეშე, რომ ცურვა ისწავლონ, თან მაშველი რგოლიც უნდა მივაყოლოთ ჩვენი მხარდაჭერის შესაძლებლობით ნებისმიერ დროს. სხვა შემთხვევაში მუდმივად მოუცლელები ვიქნებით იმ საკითხებისთვის, რაც ჩვენს გარეშე ნამდვილად ვერ გადაწყდება.

რას ვაკეთებ ჩემი თავის განვითარებისთვის?

თვითგანვითარებისთვის რუტინულად გაკეთებული თუნდაც ძალიან პატარა ნაბიჯი უფრო მნიშვნელოვანი და შედეგიანია, ვიდრე სწავლების დიდი კურსის დაგეგმვა, რომელიც ძალიან რთულად განსახორციელებელია.

ყოველდღიურ რუტინაში, სტრესში, დაძაბულ ვადებში და სირთულეებში ყოველთვის უკანა პლანზე გვრჩება თვითგანვითარება. არასდროს ამისთვის არ გვცალია, ვერ ვუთმობთ დროს, არადა რამდენი რამის სწავლა გვინდა – ენების, პროფესიული სიახლეების, ახალი ხელსაქმის ან ჰობის მიმართულებით ცოდნის მიღება.

უფრო მარტივია ყოველდღე თუნდაც 10 წუთი დავუთმოთ ვიდეოს ყურებას საინტერესო თემაზე, სტატიის კითხვას, ენის სავარჯიშოების კეთებას, ან სხვა ფორმით ახალი ცოდნის მიღებას და განვითარება ვაქციოთ ყოველდღიურ რუტინად. რუტინად ქცევა, ჩვევაში გადაყვანა გაცილებით უფრო დიდ შედეგსაც მოგვცემს გრძელვადიანად და ამ 10 წუთის გარეშე ჩვენი დღე უკვე წარმოუდგენლად მოგვეჩვენება.

გაგვიზიარეთ, თქვენ როგორ ახერხებთ საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობას?

არ მოიკითხოთ ადრე გაცემული დავალებების შესრულება

როგორც წესი, ხელმძღვანელები დიდ დროს ვხარჯავთ ჩვენს მიერ გაცემული დაველებების მოკითხვაზე. ჩვენი დღის წესრიგი, რუტინა და მუშაობის კულტურა გვაქვს აგებული ასე და თან ვთვლით, რომ ამით ვაღწევთ განსაკუთრებულ შედეგებს.

არადა ხშირად მუშაობის ასეთი მიდგომა არამარტო დროს გვახარჯინებს არასწორად, არამედ ადრე გაცემული არასწორი დავალებების შესრულებას აიძულებს ადამიანებს, რომლებსაც არ მიაჩნიათ სწორად ამ დავალების შესრულება.

დავალებები, რომლებსაც დევნა სჭირდება, ხო არ ჯობს რომ არც შესრულდეს?! თუ არ გაკეთდება იმაზე დავფიქრდეთ, რა უნდა შევცვალოთ სისტემურად იმისთვის, რომ საუკეთესო ნაწილი დასმული ამოცანების მოკითხვების გარეშეც სრულდებოდეს.

 

  • თარიღი: January 8, 2019
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,154-ჯერ

რაღაცისთვის ვერასდროს მოიცლი და არ გექნება დრო თუ განრიგში არ ჩაისვი

ვერასდროს დაიწყებ ვარჯიშს თუ ამისთვის რეგულარული დრო არ გამოყავი შენს კალენდარში, ვერ დაასრულებ წიგნის კითხვას თუ არ გაითვალისწინე შენს განრიგში რა დროებში კითხულობ ხოლმე, დიდი ხნის უნახავი დაგრჩება მეგობრები თუ არ დაგეგმე როდის ნახულობ ხოლმე და ა.შ. ყველა საქმეში ასეა მემგონი. თითქოს მარტივია, მაგრამ მეც და ჩემს გარშემოც ხშირად უთქვამთ – ვაი მაგისთვის ვერასდროს ვიცლი, იმდენი საქმე მაქვს ამას ვერასდროს ვასწრებ – მაგრამ უმეტესად ისეა, რომ ამ  რაღაცისთვის დრო წინასწარ განსაზღვრული არ გვაქვს ხოლმე, როცა დავაპირებდით მაგის გაკეთებას.

საკმარისია განრიგში ჩაისვა როდის გააკეთებ და ან კარგ შემთხვევაში იცლი ჩვეულებრივ ამ საქმისთვის ან მინიმუმ იძულებული ხდები პრიორიტეტები გადაალაგო, რაღაცები გადაგეგმო და სხვანაირად მოერგო შეცვლილ სიტუაციას. ცალკე საკითხია რამდენად სწორ თავისუფალ დროს ვგეგმავთ რაღაც კონკრეტულს, მაგრამ ეს სხვა ინსაითის თემაა.

როდესაც ისეთ რაღაცას აკეთებ, რისი გაკეთებაც ადვილია შენთვის, ესეიგი იმას აკეთებ, რაც შენ არ უნდა გააკეთო

ჩვენი დროც, ენერგიაც, ყურადღებაც ყოველთვის სჯობს ვეცადოთ ისეთ საქმეებზე დავხარჯოთ, რაც რაღაცა ახალს გვასწავლის და გვავითარებს. და ყველაფერი რაც ასეთი არ არის, უნდა მივანდოთ სხვებს, ვისთვისაც ის ახალი გამოწვევა გახდება.

ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის საინტერესო იქნება სამუშაო ჩვენთვის, განვითარების ტემპიც ყოველთვის მაღალი იქნება და ადამიანებიც ჩვენს გარშემო გაცილებით მეტათ მოახერხებენ საკუთარი უნარების რეალიზებას.

ასე რომ, თუ ვატყობთ, რომ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომელიც არ გვავითარებს, უნდა ვიფიქროთ – ალბათ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ – და ვეცადოთ ვიპოვოთ ადამიანები ჩვენს გარშემო, ვისაც არ უნდა წავართვათ იგივე ამოცანის გადაწყვეტით განვითარების შესაძლებლობა.

შფოთში გაკეთებული საქმეები

ამბობენ, რომ არის ისეთი დროები, როცა სტრესი და შექმნილი წნევა გაიძულებს რამე უკეთესი მოიფიქრო, რაღაცა უკეთესად გააკეთო, მაგრამ შეუძლებელია გსიამოვნებდეს ძირითადად ასეთ რეჟიმში მუშაობა, შეუძლებელია შედეგი რომელიც ასეთ გარემოში იქმნება ძლებდეს დიდხანს, ან თვითონ ის ადამიანები უძლებდნენ დიდხანს, რაც არ უნდა უწყობდეს ხელს ამას მათი ძლიერი თვისებები, იყვნენ “ამტანები”.

მაგრამ არიან ხელმძღვანელები, ვისაც უფრო უადვილდებათ ასე მუშაობა, ასე ახერხებენ შედეგების მართვას, თვითონაც ეჩვევიან ამ რეჟიმს და მშვიდ გარემოში ჰგონიათ რო საქმე არ კეთდება, თანამშრომლები დუნდებიან.

მე მგონია, რომ ძალიან დროებითია ეს და მიუხედავად იმისა ვინ რამდენ ხანს გაუძლებს, ყველა შინაგანად მეტი სიმშვიდისკენ, მეტი ხალისით საქმის კეთებისკენ არის მიდრეკილი, იმიტომ რომ შფოთი არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა.

ხელმძღვანელის საქმე იდეების მოფიქრება არ არის

ხელმძღვანელები იდეებზე ნაკლებად უნდა ვფიქრობდეთ, უფრო ალბათ იმაზე, როგორ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც იდეებზე დანარჩენი თანამშრომლები იფიქრებენ. ამ გარემოს შექმნის, იდეების სხვა ადამიანებში გაჩენის, წახალისების და მოტივაციის გაზრდის იდეები უნდა იყოს ალბათ ის, რაზეც ჩვენ ჩვენს შემოქმედებით უნარებს უნდა ვხარჯავდეთ.

არადა რამხელა ცდუნებაა – გაგინათდება გონებაში რაღაცა, აირჩევ ადრესატს, გასცემ დავალებას და დაიჭერ სახრეს მერე პერიოდულად შემოსატყლაშუნებლად და ნელ-ნელა შენი “გენიალური” იდეა რეალობად იქცევა. და გიხარია. არადა ხშირად სწორედ მართვის ასეთი მიდგომა ყველაზე მეტად უშლის ხელს სხვა ადამიანებში შემოქმედებითობის გაღვივებას და რაღაც კი კეთდება, მაგრამ ბევრი შესაძლებლობა იკარგება და ბევრი საქმე ფუჭდება სანაცვლოდ.

რას ფიქრობთ? რომელი მიდგომა უფრო ამართლებს ამ ორიდან მეგობრებო საბოლოოდ?

შეხვედრები, სადაც უბრალოდ უნდა ვიყოთ

ხელმძღვანელებისთვის არის შეხვედრები, სადაც აუცილებელია რომ ვიყოთ, იმისთვის, რომ იმ შეხვედრის სტატუსს და მნიშვნელობას გავუსვათ ხაზი, ყურადღებით მოვუსმინოთ, ჩავინიშნოთ გასაანალიზებელი საკითხები, მაგრამ არ უნდა ვიაქტიუროთ, ვეცადოთ არ გამოვთქვათ მოსაზრებები, არ მივიღოთ ჩვენ გადაწყვეტილებები,  და არ გავცეთ დავალებები, როგორც არ უნდა გვეცმანდურებოდეს ხელები სამაგისოდ.

ასეთ შეხვედრებზე არ დასწრება ან ზომაზე მეტი აქტიურობა დანარჩენ ადამიანებს მოტივაციას უკარგავს, ან იბოჭებიან ან აზრის გამოთქმის აზრს ვეღარ ხედავენ. მაშინ როდესაც ჩვენი ყოფნა ასეთ შეხვედრებზე მოტივაციას ზრდის და ადამიანებს მეტად უჩნდებათ აქტიურობის სურვილი.

იმის განსაზღვრა, თუ რომელ შეხვედრაზე არის აუცილებლად, მაგრამ ჩუმად, ყოფნა საჭირო ალბათ ორგანიზატორებთან ჯობს.

რა უნდა გავაკეთო რომ ანაზღაურება გამეზარდოს?

ხელმძღვანელისთვის ანაზღაურების გაზრდის სურვილით ასე დასმული კითხვა გაცილებით პროფესიონალურია, ვიდრე – იმას რო ამდენი აქვს, თითქოს ერთნაირად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და მე ნაკლები რატო მაქვს, მეც მომიმატე – ასეთი მოთხოვნით თხოვნა.

როცა შენი ანაზღაურების საკითხს, შენსავე საქმიანობას და შედეგებს უკავშირებ, ხელმძღვანელიც უფრო კეთილგანწყობილი შეხვდება ასეთ თხოვნას, რაც არ უნდა არ იყოს ამისთვის მზად. გაღიზიანებას ნამდვილად არ გამოიწვევს და უფრო გულით ეცდება ეს თხოვნა რამენაირად დაგიკმაყოფილოს, გზას მაინც გეტყვის ამისთვის რა უნდა გააკეთო.

  • თარიღი: December 19, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,097-ჯერ

როდესაც მზად ხარ, ყველაფერი დაუთმო

თუ მზად ხარ პარტნიორს, მეგობარს კოლეგას, მეზობელს ან უბრალოდ გამვლელს ყველაფერი დაუთმო, მისცე რასაც გთხოვს, ან არ გთხოვს მაგრამ იცი, რომ ფიქრობს ეკუთვნის ან სჭირდება და გჯერა, რომ შენ არაფერს არ დაკარგავ ამით და საბოლოო ჯამში მხოლოდ მოიგებ, შედეგად მაშინ არც კონფლიქტი არ მოგივა არავისთან წესით და არც მტერი შეიძლება არ გყავდეს არასდროს და ცხოვრებაც ბევრად სასიამოვნო და ადვილი შეიძლება გახდეს.

თუ გჯერა, რომ გაღებული, მიცემული, დათმობილი სინამდვილეში შენ არაფერს გაკლებს და შეიძლება პირიქით სიმშვიდეს, მეგობარს, ნდობის დეპოზიტს, შენგან დავალებულ ან გვერდით მდგომ ადამიანს გიმატებს, ან უბრალოდ კიდევ ერთი ადამიანი დამშვიდდება გარემოსთვის ან რაღაცა ახალს და მნიშვნელოვანს მიხვდება თავისთვის, ძალიან ადვილია შეადარო და თითქმის ყოველთვის მიხვდები, რომ ფასი, რაც ამაში გაქვს გადახდილი ძალიან ძალიან ღირდა ამად, შენთვისაც და ყველასთვის.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება