ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



გერქვას ის, რასაც რეალურად ემსახურები

როდესაც პოზიციის ან ერთეულის დასახელება ბუნდოვანია, ნათლად არ ასახავს იმას, თუ რაზეა პასუხისმგებელი ანდა დასახელება ისეა შერჩეული, რომ კარგად ჟღერდეს, სავიზიტო ბარათზე კარგად იკითხებოდეს ან ზოგადად ასეა გავრცელებული და ასე უნდა ერქვას, მანდედან იწყება არც თუ ისე პატარა პრობლემები.

როგორც წესი, სახელის შეცვლიდან მხოლოდ რამდენიმე კვირა ახსოვთ რეალურად რას ემსახურებოდა ესა თუ ის ერთეული, არც გაწერილ სამუშაო აღწერაში აღარავინ იყურება და დროთა განმავლობაში მხოლოდ მისი დასახელების მიხედვით ყალიბდება ამ ერთეულის მიმართ მოლოდინებიც,  შედეგების მოთხოვნაც და ფუნქციების მიკუთვნების ლოგიკაც დანარჩენი ორგანიზაციისთვისა და გარე მხარეებისთვის.

თვითონ ეს ერთეულიც დისკომფორტშია, რადგან იცის რეალურად რა უნდა ეკეთებინა, მაგრამ ხვდება, რომ მისგან უკვე გაცილებით მეტს ან განსხვავებულ შედეგებს ითხოვენ. დროთა განმავლობაში ისიც ეგუება თავის ბედს, რომელიც არასწორად შერჩეულმა დასახელებამ მოუტანა და იწყებს სვლას გაურკვეველი მიმართულებით.

დასახელება განსაზღვრავს იმას, თუ რას გააკეთებს ერთეული ან პოზიცია სამუშაო პროცესში, რაზე დახარჯავს ყურადღებას და რაზე იგრძნობს პასუხისმგებლობას. დასახელება მკაფიოდ და ზუსტად უნდა ასახავდეს ერთეულის პასუხისმგებლობას, რომ სწორად მოხდეს როგორც ამ ერთეულში პასუხისმგებლობის განცდა, ისე დანარჩენ ორგანიზაციაში მის მიმართ მოლოდინების ჩამოყალიბება.

ბიზნესის დაწყებისას დაშვებული შეცდომები

ინსაითის თემა შერჩეულია მკითხველის თხოვნით.

ბიზნესის დაწყებისას ხშირად შეცდომებს უშვებენ ყველაზე კრიტიკულ საკითხებში:

  • დანიშნულების არასათანადო გააზრება – რა მისიას ემსახურება ორგანიზაცია, რა არის მთავარი ღირებულება რასაც ქმნის და როგორია ამ დანიშნულების განხორციელების გზა – აუცილებელია ამ სტრატეგიული საკითხების გააზრება. ხშირად ისე ხდება, რომ მხოლოდ ბიზნეს იდეით ნაკარნახევი 1-2 ტაქტიკური ნაბიჯის გააზრება ხდება და პირდაპირ მოქმედებაზე გადასვლა, რაც არც თუ იშვიათად შეიძლება ყურადღების, დროისა და რესურსის არასწორი მიმართულებით ხარჯვას ნიშნავდეს.
  • ხარისხზე არასაკმარისი კონცენტრირება გრძელვადიანად –  როგორც ხშირად ხდება, ახალი პროდუქტი თუ მომსახურება გამორჩეულია ხარისხით, მაგრამ დროთა განმავლობაში ისეთი აღარ არის თავიდან რომ იყო. მომხმარებელიც უფრო მომთხოვნი ხდება და სულ უფრო მაღალი ხარისხის მოლოდინი აქვს. გაუმჯობესების შესაძლებლობების მუდმივი ძიება ახლადშექმნილი ბიზნესის გადარჩენისა და განვითარების უმთავრესი პირობაა.
  • არასათანადო დაფასება ვისთან ერთადაც ზიხარ ნავში – თავიდან, როცა გუნდი ძალიან პატარაა თითოეულ ადამიანს უდიდესი ფასი აქვს. დროთა განმავლობაში გუნდი იზრდება, უფრო დიდ ამოცანებს ეჭიდება და თავდაპირველი შემადგენლობა სულ უფრო გამოცდილი და ძვირფასი ხდება. მათში ისეთი ცოდნაა დაგროვილი, რომელიც შეუცვლელია. მათი არასათანადო დაფასება, დემოტივირება და უარეს შემთხვევაში წასვლა გუნდიდან ძალიან მტკივნეული ხდება სტარტაპისთვის.
ამ საკითხებზე უფრო ვრცლად იხილეთ სტატია ბმულზე.

ვაშლის ჩამოვარდნას ნუ დაველოდებით

ყოველთვის უმჯობესია გააკეთო ის, რაც იმ მომენტში, იმ რეალობაში და არსებულ ალტერნატივებში ყველაზე სწორად მიგაჩნია, თუნდაც გქონდეს შეგრძნება, რომ უკეთესის მოფიქრებაც შეიძლება, ვიდრე ელოდო უმოქმედოდ, საუკეთესო გადაწყვეტილების ან იდეის გამობრწყინებას.

არც თუ იშვიათად ხდება, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტი გარკვეული იდეების განხორციელებისგან თავს იკავებს, რადგან მათი განხორციელების შედეგად მოტანილ სარგებელს მკაფიოდ ვერ ხედავს,  ვერ ითვლის, ვერ ზომავს. არ არის დარწმუნებული, რომ ძალისხმევის დახარჯვა ღირს და ელოდება უკეთესი იდეებისა და გადაწყვეტილებების გამოჩენას.

ამასობაში დრო გადის, შესაძლებლობები იკარგება, ახალი და უკეთესი იდეები კი შეიძლება არც ჩანდეს ან იშვიათად გაიელვოს.

გადადგი ის ნაბიჯი, რაც ყველა სხვა ალტერნატივაზე ოდნავ მაინც უკეთესია. გააგრძელე სვლა და ამ მოქმედებებში უფრო უკეთეს იდეებსაც მოიფიქრებ, უკეთეს აღმოჩენებს გააკეთებ, სავარაუდოდ შეცდომებსაც დაუშვებ, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებ, ვიდრე უმოქმედოდ ყოფნისას.

გააღვივეთ საქმიანი კონფლიქტები

  • თუ შენს ორგანიზაციაში სრული ჰარმონიით, ერთსულოვნებით, თანამოაზრეობით და ერთმანეთის ქება-დიდებით განიხილება და წყდება მნიშვნელოვანი საკითხები;
  • თუ არავინ ამბობს რითია მომხმარებელი უკმაყოფილო, სად გვაქვს პრობლემა, სად გვაქვს მაღალი რისკი, რაში ვაგვიანებთ, რაში გვეშლება, რას ვაკეთებთ არასწორად;
  • თუ არ გაქვს შეგრძნება რა ხდება ორგანიზაციის ფილიალებში, ტერიტორიულად მოშორებულ ერთეულებში ან ბიზნეს ერთეულებში.
სასწრაფოდ, გააღვივე საქმიანი კონფლიქტები მმართველ პირებს შორის !
გადაუნაწილე მათ პასუხისმგებლობები ისე, რომ კონფლიქტური ამოცანები ერთ ადამიანს არ ებაროს, (როგორიცაა გაყიდვები და მომსახურება, პროდუქტების განვითარება და გაყიდვები, ქსელის განვითარება და ოპერაციები და ა.შ.). გადაუნაწილე პასუხისმგებლობები ისე, რომ ამბობდნენ რა პრობლემებს ან ხელისშემშლელ ფაქტორებს ხედავენ საკუთარი პასუხისმგებლობის შესასრულებლად.
საქმიანი, ჯანსაღი კონფლიქტების მეშვეობით ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ინფორმაცია ამოდის უმაღლეს მენეჯმენტამდე, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მიღების მთავარი საფუძველია.

განვითარება, როგორც რუტინა, თუ რუტინა, როგორც განვითარება

როდესაც განვითარების პროცესი ისეთივე პერმანენტულია, როგორც მიმდინარე რუტინა, ბევრად უფრო განსხვავებული, ორიგინალური და თვალშისაცემია სიახლეების სიხშირე, საქმიანობის შედეგები. სულ სხვა სიმაღლეზე და სხვა განზომილებაშია ორგანიზაცია.

როდესაც რუტინაა თავად განვითარების წყარო, ამ შემთხვევაში რაიმე ახალი, განსხვავებული, ორიგინალური სრულებით არ არის მოსალოდნელი. ორგანიზაცია იხვეწება და ვითარდება მხოლოდ იმის უკეთ კეთებაში, რასაც აქამდე ცოტათი უფრო ცუდად, უხარისხოდ ან ნელა აკეთებდა. განვითარების ეს ალტერნატივა თითქმის არგანვითარების ტოლფასია. ეს ნიშნავს გზადაგზა, საკუთარ შეცდომებზე და წარუმატებლობებზე რაღაცების სწავლას. ასეთი ორგანიზაციები არასდროს იქნებიან გამორჩეული, ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან იქნებიან კონკურენციის ასპარეზზე და მუდმივად ექნებათ განცდა, რომ უამრავ შესაძლებლობას კარგავენ.

აქციეთ განვითარება რუტინად. ყოველდღიურ თუნდაც მცირე ძალისხმევას რაიმე ახლის მისაღებად აგურებად შეუძლია დიდი წარმატების აშენება.

რაც აუცილებლად უნდა გავიაზროთ, სანამ ქსელის განვითარებას დავიწყებთ

ქსელის გაფართოება თუ არ მოხდა თანდათანობით, გააზრებულად, წინასწარ განსაზღვრული განვითარების გეგმის მიხედვით, ის აუცილებლად გახდება მორიგი „წარუმატებელი ბიზნესი“.

ქსელის განვითარების სწორი მიდგომა იწყება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების, მომავლის ხედვის კომპონენტების გააზრებით: სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება