ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



როცა გაყიდვისას ამოსავალია ის, თუ მომხმარებლისთვის როგორ უმჯობესია ისე გავაკეთოთ გაყიდვა, ვიდრე გაყიდვისთვის, საბოლოო ჯამში უფრო მეტს გავყიდით ასე

როცა პროდუქტის თუ მომსახურების გაყიდვას ვგეგმავთ და ვახორციელებთ იმაზე ფიქრით, როგორ უმჯობესი იქნება ეს მომხმარებლისთვის, თუნდაც იმ კონკრეტულ მომენტში გაყიდვა ვერ შედგეს, გამოცდილება აჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში გაცილებით მეტს ვყიდით მაინც, ვიდრე ყოველ ჯერზე ამოცანა ის იყოს, რომ აუცილებლად მიყიდო.

თავის მხრივ როცა ამოცანა ისაა, რომ აუცილებლად მიყიდო, ზოგჯერ გიბიძგებს პროდუქტის თუ მომსახურების გადამეტებული შეფასებისკენ, მოტყუებისკენ, ყიდვის დაძალებისკენ. მიუხედავად იმისა რომ იმ მომენტში შეიძლება იყიდოს მომხმარებელმა, აუცილებლად რჩება განცდა, რომ მოატყუეს, დაძალებით აყიდინეს და მეორედ მოსვლის სურვილი, თუ სხვა გზა არ ჰქონდა, არ ექნება.

ამიტომ არა მარტო პროდუქტის თუ მომსახურების შექმნისას, არამედ გაყიდვის ოპერაციისასაც ამოსავალი უნდა იყოს მომხმარებლისთვის როგორ უკეთესია.

თუ პროდუქტი ან მომსახურება საზოგადოებისთვის სარგებლის მატარებელია, ბიზნესის განვითარებისთვის ბრძოლა ღირს

ბიზნესის დაწყებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის არის კარგი იდეა, რწმენა, რომ პროდუქტი ან მომსახურება, რომელსაც ჩვენ შევქმნით იქნება ხარისხიანი და მოთხოვნადი, დაგროვილი გამოცდილება, კარგი გუნდის შეკრების შესაძლებლობა, ბაზარზე არსებული დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა, კაპიტალის არსებობა და მისი სარფიანად დაბანდების სურვილი და ბევრი სხვა. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის წინ დგას სარგებელი, რომელიც ამ ბიზნესმა უნდა შექმნას საზოგადოებისთვის და მეწარმის ოჯახისთვის.

თუმცა ძალიან ხშირად ბიზნესის დაწყების შემდეგ მეწარმე აღმოაჩენს, რომ მის განვითარებას მეტი დრო დასჭირდა, თავდაპირველად გათვლილი კაპიტალი საკმარისი არ აღმოჩნდა, პროდუქტის განვითარებას, მისი ცნობადობის გაზრდას და მომხმარებლამდე მიტანას კი მეტი ძალისხმევა უნდა. გუნდის დაკომპლექტებამ, შეთამაშებამ ასევე მნიშვნელოვანი ენერგია წაიღო. გაყიდვების მოცულობა და მომგებიანობა არ არის საკმარისი ხარჯების დასაფარად და ყოველთვიურად თქვენ ხედავთ, რომ ან უკვე მოტანილი კაპიტალი მცირდება ან სახლიდან გაქვთ დასამატებელი ფული. ამ დროისთვის თქვენ უკვე 2-3 წელია, რაც საქმიანობთ და უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორ გააგრძელოთ ბიზნესი.

არის კიდევ ერთი ძალიან კარგი სცენარი – ამ პერიოდისთვის თქვენ ხვდებით, რომ ყველაფერი გამოგდით, პროდუქტი ან მომსახურება ძალიან კარგია. ვინც ერთხელ მაინც გაეცნო მას თქვენი ლოიალური მომხმარებელი გახდა, მაგრამ შემდეგი განვითარებისთვის გაკლიათ რესურსები – ადამიანური და ფინასური.

ჩვენი გადმოსახედიდან ორივე შემთხვევაში შექმნილია მნიშვნელოვანი ღირებულება და თუ პროდუქტი ან მომსახურება რეალურად საზოგადოებისთვის სარგებლის მატარებელია, იდეა მასშტაბირებადია, მაშინ ბრძოლა ღირს.

ურჩიეთ ეძებოს !

მოწყენილი სახით მიესალმა ყველას, დაიწყებს მუშაობას, გავა მოსაწევად, ყავას დაისხამს, პოლიტიკურ მოვლენებზე გააკეთებს კომენტარებს, გუშინდელ კონცერტს ან საფეხბურთო მატჩსაც გაიხსენებს, ამინდის მიმოხილვაც აუცილებელია, მერე მეგობარი დაურეკავს, ამასობაში სადილის დრო მოდის, სადილიდან დაგვიანებით ბრუნდება და დიდხანს ყვება როგორ უგემურად ან გემრიელად ისადილა.

ერთი შეხვედრა აქვს დღეს, როგორ ეზარება…  ნეტავ არ მოვიდეს შეხვედრაზე მეორე მხარე, ნეტავ დაავიწყდეს ან მინიმუმ ცოტა მაინც დააგვიანოს. შეხვედრა მაინც შედგა, მისთვის სამწუხაროდ. რა უჟმური იყო ის ადამიანი, თითქოს მიხვდა, როგორ ეზარებოდა ამ შეხვედრის ჩატარება და სპეციალურად იქცეოდა ასე.

შეხვედრის შემდეგ სტომატოლოგთან წავიდა, იქიდან პირდაპირ სახლში წავა, რაღა აზრი აქვს დაბრუნებას, ნახევარი საათის გამო? ამ კვირაში კიდევ ერთ ექიმთან მიდის და მანქანის შესაკეთებლადაც მოუწევს გასვლა, უფროსს უკვე შეუთანხმა.

წავიდა სახლში ისევ მოწყენილი. რა უინტერესო ცხოვრება აქვს, როგორ არ გაუმართლა სამსახურში.

რა სჭირს? – არ უყვარს, არ სიამოვნებს, არ უძღვნის თავის თავს ამ საქმეს.

გეცნოთ ეს ადამიანი? ურჩიეთ ეძებოს ! ეძებოს მანამ, სანამ არ იპოვის, სანამ თვალებანთებული არ მივა დილით სამსახურში, სანამ არ ჩათვლის, რომ ძალინ საინტერესო ცხოვრება აქვს. აუცილებლად ეძებოს !

რა როლი აქვს პარტნიორს

კომპანიის განვითარებაში უდიდესი როლი ენიჭება კარგ მმართველობას. იერარქიულად რა თქმა უნდა ყველაფერი აქციონერთა / პარტნიორთა კრებით იწყება, რომელიც შემდეგ თავის გარკვეულ უფლებებს ადელეგირებს სამეთვალყურეო საბჭოზე, შემდეგ დირექტორატზე და საბოლოოდ მენეჯმენტზე.

აქ მინდა ხაზი გავუსვა კარგი პარტნიორის როლს კომპანიის განვითარებაში, მით უმეტეს თუ ერთ-ერთი პარტნიორი მმართველი პარტნიორია.

პარტნიორთა კრება და სამეთვალყურეო საბჭო საუკეთესო ფორმატებია, სხვა ჰორიზონტალურ სტრუქტურებთან ერთად, სადაც პარტნიორებს შეუძლიათ იმსჯელონ კომპანიის განვითარებისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე და სწორედაც დიდი ბედნიერებაა, როდესაც თქვენი პარტნიორი თქვენსავით გულანთებულია, მზად არის იმსჯელოს სტრატეგიულ საკითხებზე, გაიზიაროს პასუხისმგებლობა, დაკონცენტრირდეს დეტალებზე და მაქსიმალურად გაუზიაროს თავისი ცოდნა და გამოცდილება მენეჯმენტს.

სამწუხაროდ ხანდახან ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, როდესაც პარტნიორი არ მოგვყვება მსჯელობაში, არ ინაწილებს პასუხისმგებლობას და არ გვიზიარებს თავის ცოდნას და გამოცდილებას.

ისეც ხდება, როდესაც საკონტროლო პაკეტის მფლობელი ჯიუტად არ ითვალისწინებს დანარჩენი პარტნიორების აზრს, რითაც საბოლოოდ კომპანიას, საკუთარ თავს და პარტნიორებს აზიანებს.

ვფიქრობ არ არის რთული მისახვედრი სამი შემთხვევიდან, რომელი კომპანია იქნება წარმატებული.

ყურადღების კონცენტრაცია შედეგისთვის

როცა რაღაცაზე ყურადღების კონცენტრაციას ზრდი, ის რაღაც წინ მიიწევს. და ხშირად პირიქითაც, თუ გვინდა რომ რაღაცაში შედეგი მივიღოთ იმ რაღაცისთვის ყურადღების მეტი ან უკეთესი კონცენტრაცია გვჭირდება.

ორგანიზაციისთვისაც ასეა. ამ შემთხვევაში ყურადღების კონცენტრაციის საშუალებები შეიძლება იყოს მაგალითად რეგულარული შეხვედრის ფორმატი მნიშვნელოვან ამოცანაზე. იკრიბებიან შესაბამისი ადამიანები დადგენილი რეგულარობით და იმ საკითხს უთმობენ ყურადღებას. კიდევ უფრო მაღალი დონის ყურადღების კონცენტრაციაა თუ მნიშვნელოვან ამოცანაზე ცალკე პასუხისმგებელ რგოლსაც გავაჩენთ, ვინც თავის ყოველდღიურ სამუშაო დროს დაუთმობს ამაზე მუშაობას.

მთავარია დღოულად მივხვდეთ სასურველი შედეგის მისაღებად რაში გვაკლია ყველაზე მეტად კონცენტრაცია და სწრაფად ცვლილებები დავიწყოთ.

მომხმარებლის, კლიენტის სიყვარულს, მათი გახარების სურვილს, მათზე ზრუნვას საოცარ იდეებამდე შეუძლია მიგვიყვანოს

როდესაც გინდა, რომ გაყიდო მეტი, მოგება მიიღო მეტი, სულ სხვა იდეები მოგდის თავში. მაგრამ როდესაც მოინდომებ კლიენტები, მომხმარებლები გაახარო, მათთვის რაღაცა განსაკუთრებული სარგებელი შექმნა, ბევრად უფრო განსხვავებული, საინტერესო და განხორციელებაშიც უფრო სასიამოვნო იდეები იბადება ამ დროს.

თუ თანამშრომლებში კლიენტების სიყვარულს, მათზე ზრუნვის გრძნობას გავაჩენთ, ისინი ბევრად შემოქმედებითები გახდებიან და საკუთარ საქმესაც მეტი სიამოვნებით გააკეთებენ სავარაუდოდ.

ანგარიშების წარმოდგენის ნაცვლად თანამშრომლებს გეგმების წარმოდგენა რომ ვთხოვოთ

ხშირად თანამშრომლებს მათი პროდუქტიულობა რომ გავზარდოთ ვთხოვთ ყოველ დღე ან ყოველ კვირა გაკეთებული საქმის ანგარიში წარმოგვიდგინონ.

თუ ჩვენ ადამიანებს მომავალი დღის, კვირის ან თვის გეგმის წარმოდგენას ვთხოვთ და მის დახვეწაში და გაუმჯობესებაში დავეხმარებით, ამით გაცილებით მეტად შეიძლება შევუწყოთ ხელი მათი პროდუქტიულობის ამაღლებას.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველაზე მეტად გეგმის გააზრებისთვის დროის გამოყოფა გვიჭირს და თუ რაღაც გარემოება ან პროცედურა გვაიძულებს ამას საკმარისი დრო დავუთმოთ, მის კეთებას მივეჩვიოთ და ხელმძღვანელები კი დავეხმარებით გავაუმჯობესებინოთ თანამშრომლებს გეგმები, ამით უფრო გავზრდით მათ პროდუქტიულობას, ვიდრე დრო იმაზე დავახარჯინოთ რაც უკვე გავლილია ის როგორ ლამაზად წარმოგვიდგინონ.

მეტი რომ ვიფიქროთ გამოსავალზე, ვიდრე პრობლემებზე

პრობლემებზე ფიქრი რა თქმა უნდა საჭიროა და ის გამოსავლის პოვნაშიც გვეხმარება ასე თუ ისე, მაგრამ ალბათ გამოსავალზე ფიქრს ჯობია დავუთმოთ უფრო მეტი დრო და ენერგია.

ხშირად კონკრეტული საკითხების განხილვისას ისე გაუთავებლად ვმსჯელობთ პრობლემებზე, იმათ გამომწვევ მიზეზებზე, მოსალოდნელ საფრთხეებზე და რატომ ვერ გამოვა ეს სიტუაცია ჩიხიდან, რომ დრო აღარ გვრჩება გამოსავალზე საფიქრელად და სამსჯელოდ.

თუ ყველა განხილვა და ფიქრიც უფრო გამოსავალს მიეძღვნება და არა პრობლემებს, თვითონ პრობლემების განხილვაც სხვანაირ რაკურსში მოხდება ალბათ, ამასთან გამოსავლის პოვნის შესაძლებლობაც ბევრად მეტია ასეთ დროს.

როცა უნდა გაუშვა და არ უშვებ

არის ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაში ვიცით რომ არ უნდა ვიყოთ ჩართული და დროს არ უნდა ვხარჯავდეთ. ეს არაერთხელ გაგვიჟღერებია კიდეც, მაგრამ მაინც არ ვეშვებით. გადის ერთი კვირა, ორი, მერე მთელი თვე, შეიძლება წელიც, მაგრამ არ ვთავისუფლდებით ამ ამოცანისგან.

დიახ, არ ვთავისუფლდებით და არა ვერ. ხშირ შემთხვევაში რეალურად ასეა. შეიძლება იმიტომ რომ მოგვწონს, იმიტომ რომ მიჩვეულები ვართ საქმის ასე კეთებას, ინერციით მიდის თავისით პროცესი, ან იმ ამოცანას გავურბივართ, რაზეც რეალურად უნდა ვხარჯავდეთ დროს.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ამოცანა, რომელშიც არ უნდა ვიყოთ ჩართული, აუცილებლად უნდა გავუშვათ. დაეხმარეთ შესაბამის პირებს პასუხისმგებლობის სრულად აღებაში, სწავლასა და განვითარებაში. შეიმუშავეთ პრინციპები, რომელთა მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ და გაურკვეველ საკითხებზე თავად გადაწყვიტონ რომელი შეკითხვით როდის მოგმართონ. თავიდან ეს შეკითხვები იქნება ბევრი, მაგრამ ნელ-ნელა შემცირდება. ანუ ხელი კი არ უნდა ვკრათ და გადავაგდოთ პასუხისმგებლობის მდინარეში ყოველგვარი დაზღვევის გარეშე, რომ ცურვა ისწავლონ, თან მაშველი რგოლიც უნდა მივაყოლოთ ჩვენი მხარდაჭერის შესაძლებლობით ნებისმიერ დროს. სხვა შემთხვევაში მუდმივად მოუცლელები ვიქნებით იმ საკითხებისთვის, რაც ჩვენს გარეშე ნამდვილად ვერ გადაწყდება.

არ მოიკითხოთ ადრე გაცემული დავალებების შესრულება

როგორც წესი, ხელმძღვანელები დიდ დროს ვხარჯავთ ჩვენს მიერ გაცემული დაველებების მოკითხვაზე. ჩვენი დღის წესრიგი, რუტინა და მუშაობის კულტურა გვაქვს აგებული ასე და თან ვთვლით, რომ ამით ვაღწევთ განსაკუთრებულ შედეგებს.

არადა ხშირად მუშაობის ასეთი მიდგომა არამარტო დროს გვახარჯინებს არასწორად, არამედ ადრე გაცემული არასწორი დავალებების შესრულებას აიძულებს ადამიანებს, რომლებსაც არ მიაჩნიათ სწორად ამ დავალების შესრულება.

დავალებები, რომლებსაც დევნა სჭირდება, ხო არ ჯობს რომ არც შესრულდეს?! თუ არ გაკეთდება იმაზე დავფიქრდეთ, რა უნდა შევცვალოთ სისტემურად იმისთვის, რომ საუკეთესო ნაწილი დასმული ამოცანების მოკითხვების გარეშეც სრულდებოდეს.

 

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება