დღეს, როდესაც ბანკებისთვის დაკრედიტების ადრინდელი პოლიტიკა და მიდგომები ფაქტიურად აღარ მუშაობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უძრავი ქონება, როგორც მთავარი უზრუნველყოფის რეალიზაცია ძალიან გართულებულია და ღირებულებაც უკიდურესად შემცირებული, ბანკებისათვის აქტუალური ხდება კითხვა – როგორ გაზარდონ საკრედიტო პორტფელი ისე, რომ მნიშვნელოვნად არ იმატოს სესხების დაბრუნებასთან დაკავშირებულმა რისკებმა.
საკითხი უფრო კორპორატიული კლიენტების შემთხვევაში არის აქტუალური, იმდენად რამდენადაც სწორედ მათი რისკების ანალიზი ითხოვს ბევრად მეტ კომპეტენციას. რისკის დაზღვევის მექანიზმებიც აქ ბევრად მეტია ისევე, როგორც პორტფელის ზრდის პოტენციალი.
ჩვენი აზრით, დღეს სამი საკითხია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კორპორატიულ დაკრედიტებაში რისკების უკეთესი მართვისა და ხეჯირებისათვის:
1. სპეციფიკური, დარგობრივი კომპეტენციების და ექსპერტიზის სწრაფი დაგროვება ბანკებში, როგორც სესხის გაცემის, ისე მართვის რგოლებში. საკრედიტო მენეჯერები ნიუანსების დონეზე არანაკლებ უნდა ერკვეოდნენ ბიზნესის სპეციფიკაში, ვიდრე მათი მსესხებლები. ამ ცოდნის და ინფორმაციის არსებობა დღეს ისეთი მნიშნელოვანია ბანკებისათვის, როგორც არასდროს, რაც შესაბამისად მათი საკრედიტო ქვედანაყოფების სტრუქტურულ მოწყობაშიც უნდა აისახოს.
2. განსაკუთრებული სიახლოვე კლიენტთან. ბანკის თანამშრომლის მაქსიმალურად აქტიური მონაწილეობა მართვის, მათ შორის შესაძლოა ყოველდღიური მართვის პროცესშიც. ეს გულისხმობს ბანკის წარმომადგენლების ყოფნას კლიენტის მართვის რგოლებში. მათი ზედამხედველობა ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე. მონაწილეობა გარკვეული ჯგუფის გადაწყვეტილებების მიღებისას. და როგორც არასდროს კარგად აწყობილი მონიტორინგის სისტემა, რომელიც მისცემს საშუალებას ბანკს რეალურად ფლობდეს ინფორამციას სესხის რისკის მდგომარების შესახებ. ამ ამოცანის გადაწყვეტაც ითხოვს ცვლილებებს ბანკების საკრედიტო ქვედანაყოფის სტრუქტურაშიც და თანამშრომლების მოტივაციის სქემებშიც.
3. განსაკუთრებული კონტროლი კლიენტების ყოველდღიურ ფულად ოპერაციებზე. მისი ფულის ბრუნვის მაქსიმალური ნაწილის გატარება ბანკის ანგარიშებზე. მისი ყოველდღიური კონტროლი, რასაც აქამდე ბანკები კი ითოხვდნენ კლიენტებისგან, მაგრამ რეალურად ამისათვის საჭირო არც პირობებს ქმნიდნენ და არც აკონტროლებდნენ მსესხებლის მხრიდან ამ მიზნით აღებული ვალდებულებების შესრულებას. ეს მნიშვნელოვან წილად სწორედ სტრუქტურაში და მოტივაციის სქემებში ამ საკითხის არასაკმარისი გათვალისწინებით არის გამოწვეული.
ამ სამი მიმართულებით არსებული მეთოდებისა და სისტემების მკვეთრი გაუმჯობესება ბანკებს საშუალებას მისცემს უფრო მოქნილები იყონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რისკის უფრო ეფექტური მართვის ხარჯზე შეძლონ უძრავი ქონებით შედარებით ნაკლებად უზრუნველყოფილი სესხების გაცემა. ესძალიან ჭირდებათ დღეს კომპანიებსაც და ქვეყნის ეკონომიკასაც.
პორტფელის ზრდის შესაძლებლობები თვითონ ბანკებშია და მხოლოდ მათი საკრედიტო საქმიანობის უკეთესი მართვა შეიძლება გახდეს ამჟამად როგორც საბანკო სისტემის, ისე კომპანიების და ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფად გამოყვანის წინაპირობა.