ვფიქრობთ, რაიონული ბიბლიოთეკების რეორგანიზაციით, მათი ახლებური მოწყობით, საკადრო დაკომპლექტებით და მათთვის მუშაობის ახალი ინსტრუქციების მიცემით განათლების სამინისტროს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალი თაობების განათლების დონის ამაღლებაში. რაც ამ სამინისტროს უპირატესი მიზანია. ხოლო კითხვის სურვილის და ჩვევის გაჩენის გარეშე კი ამ მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
ჩემს უბანში ძველი ბიბლიოთეკაა მოზარდებისთვის, კიდევ რომ მუშაობს, ამის შესახებ მხოლოდ ის მეტყველებს, რომ დღის საათებში დიდი კლიტე არ ადევს და შიგნით ერთი-ორი ქალბატონი ზის მუდმივად, თორემ მე იქ შესული ბავშვი არ მინახავს არასდროს. არადა ვინმემ რომ მოინდომოს და ამ ქალბატონებს მაინც უთხრას რა არის მათ დანიშნულება, რა მეთოდებით უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ იმ უბნის ბავშვებში კითხვის სურვილი გააჩინონ, ასეთი ბავშვები ერთმანეთს გააცნონ და დაამეგობრონ, რამდენად კარგი იქნება ბავშვების მომავლისა და ქვეყნისთვის.
ამ ბიბლიოთეკებს, სულ ოდნავ მაინც რომ მოინდომონ და კარგად გაერკვნენ რა არის მათი დანიშნულება, მართლაც ბევრი საინტერესო რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. საკმარისია ვიღაცამ ამ საუბნო ბიბლიოთეკებში გადაწყვიტოს და დაიწყოს რაღაც ღონისძიებების მოწყობა, რომლებიც იმ უბნის სხვადასხვა თაობის ბავშვებზე იქნება გათვლილი და მათთვის წიგნის კითხვის შეყვარებას დაისახავს მიზნად რომ სულ ცოტა ხანში ბიბლიოთეკა უბნის ბავშვების საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება.
განათლების სამინისტროს მხრიდან საჭირო იქნება ბიბლიოთეკარების გადამზადება, მათი წახალისება მოაგროვონ ინფორმაცია მათი უბნის ბავშვების, მათი პრეფერენციების შესახებ, სხვადასხვა ღონისძიებების მეშვებით მოიძიონ და მოიყვანონ ეს ბავშვები ბიბლიოთეკაში. ყველაზე წარმატებულ ბიბლიოთეკებს კი, რომლებიც ამ მიმართულებით განსაკუთრებით ეფექტიანები იქნებიან თუ რემონტს გაუკეთებს, უფრო კომფორტულს გახდის კითხვისთვის, წაკითხულის განხილვებისთვის, მოზარდების ერთმანეთთან შესახვედრად და სასაუბროდ, ამით დანარჩენებს კიდევ უფრო გაუზრდის მოტივაციას ახლებურად შეხედონ თავის საქმეს.
ზოგადად, განათლების სამინისტრო თუ უკეთ გარკვევა, რა არის მისი დანიშნულება და ცოტა რეალურ და კონკრეტულ პრიორიტეტებს დაისახავს გაცილებით მეტი ღირებულების შექმნას შეძლებს ქვეყნისთვის. მოზარდებში განათლების დონის ამაღლება ხომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც დღეს ქვეყნის ხელისუფლების წინაშე დგას? განათლების სამინისტროსთვის კი ეს ყველაზე მთავარი უნდა იყოს წესით. ან იქნებ ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანები აქვთ რამე?