თუ განათლების სამინისტრო ყოველწლიურად ჩაატარებს საგნობრივ ოლიმპიადებს მასწავლებლებს შორის, საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებლებს დააჯოლდოებს ოქროს მედლებით და მისცემს სკოლას უფლებას იმ წელს სკოლის შენობის წინ საქართველოს იმდენი დროშა აღმართოს, რამდენი ოქროს მედალოსანი მასწავლებელიც ეყოლება, ამით მნიშვნელოვნად გაზრდის მოტივაციას სკოლის ადმინისტრაციაშიც, მასწავლებლებშიც და მშობლებისთვის ბევრად ადვილი გახდება შეარჩიონ სკოლა საკუთარი შვილებისათვის.
ვინაიდან დრომაც აჩვენა, რომ სკოლებისთვის არაფერი – არც შენობა და მატერიალურ ტექნიკური ბაზა, არც ისტორია, არც ადგილმდებარეობა, არც გამოყენებული სახელმძღვანელოები არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც მასწავლებლების კორპუსი, მათი კვალიფიკაცია და მოტივაცია.
ეს ოლიმპიადა, სავარაუდოდ საგნების ცოდნასთან ერთად, გადაცემის მეთოდებისა და საშუალებების, ბავშვებთან მუშაობის მიდგომებსაც უნდა მოიცავდეს, იძლეოდეს მიმართულებებს მასწავლებლებისათვის, რომლებსაც ექნებათ ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი, რა ისწავლონ და როგორ მოემზადონ გამარჯვებისათვის.
გასაგებია, რომ მასწავლებლის სიკარგეს ეს ოლიმპიადა სრულად ვერ შეაფასებს, მაგრამ ის ჯერ ერთი გამოყობს მათ, ვისაც უნდა განვითარდეს და დახვეწოს საკუთარი დონე, ასევე დაეხმარება მათ მუდმივად იმუშაონ საკუთარ თავზე. უწყვეტად ისწავლონ, რის გარეშეც ძნელი იქნება მუდმივად უკეთესი ხარისხით ასწავლონ.
რაც შეეხება დროშების საკითხს. აქ რამოდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი:
ა) სკოლის წინ აღმართული ქართული დროშები ძალიან ლამაზი სანახავი და შთამბეჭდავი იქნება. ის შორიდანაც გამოჩნდება და ადამიანები, რომლებსაც ამ სკოლის წინ უწევთ სიარული სხვანაირად განეწყობიან სკოლის მიმართ.
ბ) მშობლებისთვის უფრო თვალსაჩინო იქნება სკოლის დონის ამაღლება, როცა ის ხედავს, როგორ მატულობს სკოლის წინ დროშების რაოდენობა.
გ) ერთხელ აღმართული დროშის დაშვება ძალიან დიდი უხერხულობა იქნება სკოლის ადმინისტრაციისათვის. ამიტომ ისინი ყოველთვის ეცდებიან არ შემაცირონ დროშების რაოდენობა სკოლის წინ, არამედ პირიქით – დაარწმუნონ სხვა მასწავლებლებიც მოემზადონ და მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში, ნელ-ნელა გაზარდონ ოქროს მედალოსან მასწავლებელთა და სკოლის წინ აღმართულ დროშათა რიცხვი.
დ) ბავშვები კიდევ უფრო მიეჩვევიან და შეიყვარებენ დროშას. ეს მათ შესაძლოა მსგავსი დროშების აღმართვის სურვილს მომავალში საკუთრი სახლების წინაც გაუჩენს.
ე) ეს აგრეთვე ხელს შეუწყობს ორგანიზაციების წინ დროშების აღმართვის კულტურის დამკვიდრებას, რაც ბევრ ორგანიზაციას დაეხმარება ცოტა მეტი იფიქროს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოსთვის. ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება.