ჩვენი აზრით, ბანკს, რომელიც ამ იდეით დაინტერესდება, შეუძლია თავის საოპერაციო დარბაზებში ქართული და უცხოური, ახალი და ძველი ფულის ბანკნოტების და მონეტების გამოფენა მოაწყოს, ექსპონატები კი ამ გამოფენისათვის კოლექციონერებისგან, ნუმიზმატებისგან ან იმ ჩვეულებრივი ოჯახებისგან ითხოვოს, რომლებსაც ფულადი ნიშნების უნიკალური სახეები აქვთ და დათანხმდებიან ისინი ცოტა ხნით ბანკს ათხოვონ. შედეგად მომსახურების რიგში ყოფნა მოსაწყენი აღარ იქნება და მომხმარებელი ბანკში ვიზიტისას შემეცნებით სარგებელსაც მიიღებს.
აქციას შეიძლება დაერქვას „მოიტანეთ ფული“. შემდეგ მას მოყვება ახსნა, თუ რა ფულზეა საუბარი. პირველი მესიჯი მომხმარებლისთვის უხეში მოსასმენი იქნება და მიიქცევს მათ ყურადღებას, შედეგად ინფორმაცია უკეთ დასამახსოვრებელი გამოვა.
ფულის გამოფენით ბანკი სხვადასხვა სახის სარგებელს მიიღებს:
- ეს იქნება საინტერესო და ორიგინალური სარეკლამო კამპანია ბანკის მხრიდან, რომელიც ირიბად განამტკიცებს ადამიანებში სწორედ ამ ბანკში ფულის მიტანის იდეას;
- ბანკში ვიზიტი მომხმარებლისთვის გახდება საინტერესო და სახალისო. ხოლო რიგის არსებობის შემთხვევაში მისი უკმაყოფილება შემცირდება;
- ბანკი ამ აქციით კოლექციონერებს და მომხმარებელს შესთავაზებს დამატებით ღირებულებას და შექმნის საზოგადოებრივ სარგებელს. რითაც კლიენტების, თუ პოტენციური კლიენტების ცნობიერებაში უფრო მომგებიან პოზიციას დაიმკვიდრებს.