თუ ჩვენს ორგანიზაციაში ჭორები მომრავლდა და ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ფორმით ვრცელდება ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ფორმალური არხები ან არ გვაქვს საკმარისად კარგად გამართული, ან ის, უბრალოდ, არ არსებობს.
საინტერესო ინფორმაცია მაინც ვრცელდება, როგორც არ უნდა დავმალოთ ის და თუ ჩვენ ინფორმაციის სწორად გავრცელებას არათუ ხელს ვუშლით, არამედ პირიქით – არ ვეხმარებით, მაშინ შედეგად აუცილებლად მივიღებთ დამახინჯებულ, დაგვიანებულ ინფორმაციას, რომელიც ჭორების გზით მაინც მივა მასთან, ვისაც ეს ინფორმაცია აინტერესებს. ეს საბოლოოდ ბევრად მეტად დააზიანებს ორგანიზაციას, ვიდრე ინფორმაციის სწორად მიწოდება იზამდა ამას.
რაც უფრო იზრდება ორგანიზაცია, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინფორმაციის გაცვლა/გავრცელების პროცესისთვის ფორმალური გამართული არხების შეშველება. და თუ პატარა ორგანიზაციაში არაფორმალური არხებით გავრცელებული ინფორმაცია ძალიან დამახინჯებას ვერ ასწრებს დიდ ორგანიზაციაში ასეთმა ინფორმაციამ, შესაძლოა, რადიკალურად იცვალოს ფორმაც, ფერიც, შინაარსიც და ძალიან უარყოფითი შედეგიც მოიტანოს.
ყველაზე მნიშნელოვან პრობლემად მაინც ზევიდან ქვევით ინფორმაციის სწორი ინტენსივობით და სწორი მეთოდებით მიწოდება რჩება. რა გეგმები გვაქვს, რა ხედვები გვაქვს, რას ვაპირებთ, როგორ, რატომ ვაკეთებთ ამას ასე და არა სხვანაირად, ამ თემებზე მუდმივი კომუნიკაცია მენეჯმენტის მხრიდან საშუალო რგოლთან და რიგით თანამშრომლებთან სულ უფრო არსებითი ხდება ორგანიზაციიული ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.
წლიური დიდი შეხვედრები, მენეჯმენტის კვარტალური წერილობითი მიმართვები, ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პირველი პირების ახსნა-განმარტებითი წერილები, აგრეთვე წელიწადში ერთხელ პირველი პირების შეხვედრები დიდ ქვედანაყოფებთან, სადაც ერთის მხრივ სიახლეებზე ხდება ინფორმაციის მიწოდება და მეორეს მხრივ მათაც ეკითხებიან, რა უჭირთ და რაში ჭირდებათ მენეჯმენტის დახმარება, ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში.
ქართული ორგანიზაციების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ინფორმაციის ასეთი, ფორმალური არხებით გაცვლას სათანადო ყურადღებას არ უთმობს, შედეგად იღებს დემოტივირებულ, დასტრესილ თანამშრომლებს და მათ შემცირებულ შრომისნაყოფიერებას.