იმისათვის, რომ ორგანიზაცია მუდმივად და სწორად ვითარდებოდეს, სამი მთავარი პროცესის კარგად გამართვაა საჭირო:
ა) პროდუქტების და მომსახურების განვითარების პროცესი;
ბ) კადრების შერჩევის, აყვანის და სწავლების პროცესი;
გ) საქმიანობის დაგეგმვის და კონტროლის პროცესი.
და აი, რატომ:
ორგანიზაციაში პროდუქტების და მომსახურების განვითარების პროცესი თუ სწორად არის აგებული და გამართულად ფუნქციონირებს, ის უზრუნველყოფს პროდუქტების და მომსახურების კონკურენტუნარიანობას, ინოვაციების მუდმივ ძიებას, არსებული ხარვეზების გამოვლენას და მათ აღმოფხვრას. კონკურენტების პროდუქტებზე და მომსახურებაზე მუდმივ დაკვირვებას. მუდმივ ზრუნვას იმაზე, რომ შემოსავლების და კლიენტების კმაყოფილების წყარო რაც შეიძლება გამართული და სტაბილური იყოს.
კადრების შერჩევის, აყვანის და განვითარების პროცესის გამართულობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის უზრუნველყოფს ორგანიზაციის მთავარი აქტივის, თანამშრომლების შესაბამისობას საჭიროებებთან დროის გრძელვადიან პერიოდში. ანუ ის, რომ ორგანიზაციას ხვალ მისი ამოცანების შესაბამისი საკადრო ბაზა ჰყავდეს ამის აუცილებელი წინაპირობა ამ ადამიანების სწორად შერჩევა, აყვანა და სწავლებაა დღეს.
ყველა დანარჩენი რესურსის და მოქმედების კოორდინაციისათვის, განვითარების იდეების სწორი გენერირებისათვის, ამ მიმართულებით ნაბიჯების მუდმივად დაგეგმვის და თვალყურის დევნებისათვის კი საჭიროა იყოს სამოქმედო გეგმების ფორმირების და შესრულების კონტროლის კარგად აწყობილი პროცესი. იგი უზრუნველყოფს ყოველწლიურად სტრატეგიის გადახედვას და მის შესაბამისად ერთწლიანი განვითარების ღონისძიებების დაგეგმვას, მათ შემსრულებლებზე განაწილებას და წლის განმავლობაში ამ მოქმედებების კონტროლს.
ამ სამი პროცესის კარგად გამართვა ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობის და გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის აუცილებელი პირობაა.