თუ ჩავატარებთ ექსპერიმენტს და თუნდაც 3 თვით ყველა თანამშრომელს ავუკრძალავთ შაბათ – კვირას სამსახურში მოსვლას და, ხელმძღვანელებთან შეთანხმებული მიზეზის გარეშე, 7-8 საათის შემდეგ სამსახურში დარჩენას, მენეჯმენტი იმიტომ ივლის ამ დღეებში და საღამოსაც მხოლოდ იმიტომ დარჩება, რომ ამ წესის დაცვა გააკონტროლოს, ხოლო შაბათს ან საღამოს აუცილებელ შეხვედრებს სადმე ოფისის გარეთ ჩავატარებთ, ეს პერიოდი სრულიად საკმარისი იქნება ამ ცვლილების ორგანიზაციისათვის დადებითი ეფექტის შესაფასებლად.
10-11 სთ-ზე სამუშაო დღის დაწყება და მერე გვიანობამდე სამსახურში ჯდომა, მერე კიდევ შაბათ-კვირას სამსახურში სიარული ბევრი ორგანიზაციის ჩვეული მოვლენაა. ყველა ხვდება, რომ მუშაობის ასეთი განრიგი არაფერ მნიშვნელოვან შედეგს არ იძლევა, არც საქმე კეთდება დიდად რამე და ადამიანებიც იფიტებიან.
ამ ყველაფრის მიზეზი, თითქმის ყველა შემთხვევაში, მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯმენტია. ისინი რომ მოქმედებენ ასე, სწორედ ამის გამო უწევთ ყველა დანარჩენს ასე მოქცევა.
თუ მენეჯმენტს ეყოფა ნებისყოფა და ამ ექსპერიმენტს ჩაატარებს, სულ მალე ნათლად დაინახავს ამ ცვლილების დადებით ეფექტს. თანამშრომლები ძალებს აღიდგენენ და ენერგიაც კვირის განმავლობაში გაყვებათ, ბევრად მეტი საქმეც გაკეთდება. მუშაობაც უფრო საინტერესო და სასარგებლო გახდება, როგორც მენეჯმენტისთვის, ისე თანამშრომლებისათვის და ორგანიზაციაც ბევრს მოიგებს აქედან.