რაც დრო გადის ორგანიზაციების წარმატებას სულ უფრო მეტად და მეტად განსაზღვრავს ის, თუ რამდენად საინტერესოა ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა მომხმარებლისათვის. რამდენად სთავაზობს ის ახალ-ახალ საინტერესო იდეებს და ცვლილებებს თავის კლიენტებს. წლის განმავლობაში ერთი, ან ორი, თუნდაც გენიალური ცვლილება აღარ არის საკმარისი იმისათვის, რათა წარმატებას მიაღწიო, საჭიროა, თუნდაც ერთ პროდუქტში, მაგრამ მოახერხო და შეიტანო 10-15 და ზოგჯერ უფრო მეტი რადიკალურად ახალი, საინტერესო ცვლილება.
იმისათვის, რომ საინტერესო სიახლეები ჩვენი ორგანიზაციის სავიზიტო ბარათად იქცეს, საჭიროა, ამის შესაბამისი, რამდენიმე, თუნდაც მარტივი, მაგრამ სისტემური გადაწყვეტილება. მაგალითად:
თუ ორგანიზაცია შექმნის ინოვაციების სტიმულირების 2-3 კაციან გუნდს, თუნდაც ერთს (ისე, სასურველია, რამდენიმე ასეთი გუნდის შექმნა სხვადასხვა მიმართულებით) და დაავალებს მას, ყოველთვიურად მოიძიონ, მოაგროვონ და წარმოადგინონ ახალი იდეები ორგანიზაციის ზრდის და განვითარების ხელშეწყობისთვის; იდეები პროდუქტების, მომსახურების, თუნდაც მართვის მეთოდების და მიდგომების ცვლილებებთან დაკავშირებით.
თუ მენეჯმენტი ყოველი თვის ერთსა და იმავე დღეს (მაგ., თვის მესამე კვირის პარასკევს) ჩაატარებს დირექტორატის გაფართოებულ სხდომას, რომელზეც როგორც უმაღლესი, ისე საშალო რგოლის მენეჯმენტს დაასწრებს და ამ სხდომაზე ინოვაციების სტიმულირების გუნდს სთხოვს იმ თვის განმავლობაში მოგროვებულ-მოძიებული იდეების წარმოდგენას;
ასევე შექმნის ინოვაციების სტიმულირების ფონდს, რომელიც დაფორმირდება, მაგალითად, ორგანიზაციის შემოსავლების 1 ან თუნდაც 0.1% – ით და რომლის მიზანიც ორგანიზაციაში ინოვაციური იდეების ავტორების წახალისება იქნება. ამ ფონდის შექმნის შესახებ და მერე მის მიერ გაცემული პრემიების შესახებ აქტიურად მიაწვდის ინფორმაციას თანამშრომლებს, ორგანიზაცია ბევრად საინტერესო და დინამიური გახდება.
თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს გუნდები არ იყონ დატვირთული ამ იდეების განხორციელების ტვირთით. ამან მათში, შესაძლოა, შემოქმედებითი მუხტი შეამციროს და ექსპერიმენტების მიმართ განწყობა დააქვეითოს. მათი როლი უნდა იყოს მხოლოდ ძიება იდეების, მათი დახვეწა-გაუმჯობესება და მენეჯმენტისთვის განსახილველად წარდგენა, ხოლო შერჩეული იდეების განხორციელებაზე სხვები უნდა ზრუნავდნენ.
ამ გუნდის შეფასებაც და წახალისებაც სწორედ მენეჯმენტის მიერ მოწონებული იდეების რაოდენობის და მოტანილი შედეგების მიხედვით შეიძლება ხდებოდეს.
რაც შეეხება თვითონ ამ იდეების ძიების გზებს და არხებს, გუნდისათვის მკაფიოდ დასმული ამოცანა საკმარისია იმისათვის, რომ მათ თვითონ დაიწყონ გზების ძებნა. სავარაუდოდ ისინი დაიწყებენ კონკურენტებზე უფრო აქტიურ დაკვირვებას, მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლას, საკუთარი კლიენტების და თანამშრომლების გამოკითხვას, დააკვირდებიან მომხმარებლების ქცევას, მომსახურების პროცესებს. მოკლედ, თუ ექნებათ მკაფიო ამოცანა და მოტივაცია და თვითონ ადამიანებიც სწორად იქნებიან შერჩეული, შედეგებიც არ დააყოვნებს.