ბევრი ადამიანისათვის, მათ მიერ გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევის, მიღწეული შედეგების, ან განსაკუთრებული მონდომების მენეჯმენტის მიერ დანახვა და დაფასება არანაკლებ დიდი სტიმულია, ვიდრე ნებისმიერი ხელფასი თუ პრემია. არადა თანამშრომლებში რწმენის გაჩენა, რომ მენეჯმენტისათვის მათი გამორჩეული ძალისხმევა შეუმჩნეველი და დაუფასებელი არასდროს დარჩება, არც თუ ისე რთულია. აი, რა შეიძლება გაკეთდეს ამისათვის:
1. ჩამოვწეროთ წახალისების 10-15 მარტივი ინსტრუმენტი, რომლის მთავარი ღირებულება არა მატერიალური, არამედ უფრო მორალური იქნება. მაგალითად, მადლობის გამოცხადება მაღალი რანგის მენეჯერის მიერ, პირადად სამსახურში სხვა თანამშრომლების თანდასწრებით, წერილობითი მადლობის გაგზავნა სახლში, ერთი გამოსასვლელი დღის დამატება, სადილი ტოპ – მენეჯერთან ერთად, ან ნებისმიერი სხვა. ასეთი შესაძლებლობები, დაგვეთანხმებით, ძალიან ბევრია.
2. ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე ყველა თანამშრომელს დავუგზავნოთ თხოვნა ადმინისტრაციის სახელით, რომ მოგვწერონ მათი კოლეგების მიერ, გასული თვის განმავლობაში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევის, მონდომების ან მიღწეული შედეგების შესახებ. ისეთების, რომლებიც, მათი აზრით, წახალისებას საჭიროებენ. პირველი რამოდენიმე თვის განმავლობაში, ალბათ, არავინ არაფერს მოიწერება, მაგრამ თუ არ შევწყვეტთ ერთხელაც რაღაც ინფორმაცია მოვა და ამის მერე, თუ ჩვენ მასზე სწორ რეაგირებას მოვახდენთ, ნელ – ნელა პროცესი უფრო და უფრო აქტიური გახდება.
3. მიღებულ პასუხებზე ვეცადოთ, მოვიძიოთ დამატებითი ინფორმაცია, დავუკავშირდეთ ამ ადამიანის ხელმძღვანელს, სხვა კოლეგებს, მათგან მივიღოთ ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ ადამიანის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობა.
4. ჩვენი წინასწარმომზადებული ინსტრუმენტარიდან შევურჩიოთ ადამიანს ისეთი ტიპის წახალისება, რომელიც ამ ფაქტს ყველაზე მეტად შეეფერება მისი მნიშვნელობით და მასშტაბით.
5. გავავრცელოთ ინფორმაცია ამ ფაქტზე, აგრეთვე მენეჯმენტის მასზე რეაგირებასთან დაკავშირებით, ისეთი არხებით, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ.
თუ ამ მოქმედებას მუდმივად გავიმეორებთ, დროთა განმავლობაში ადამიანები დაინახავენ და დარწმუნდებიან, რომ მათი მონდომება მენეჯმენტისათვის სულ ერთი არ არის და ეცდებიან, ბევრად უკეთესად და მონდომებით იმუშაონ იმისათვის, ხელმძღვანელების მხრიდან მეტი დაფასება და პატივისცემა დაიმსახურონ.