მცირე ზომის ორგანიზაციები, მართვის კუთხით, იმ თავისებურებით გამოირჩევიან, რომ იქ თითქმის ყველა ყველაფერს აკეთებს. არ არის, ან ნაკლებად არის მკაცრად გამიჯნული როლები და საქმიანობის სფეროები, დავალებები მარტივად ნაწილდება, ბევრი გადაწყვეტილება ერთად მიიღება, კომუნიკაცია ბუნებრივად ხდება, ყველამ ყველაფერი ისედაც იცის რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ, რა გვიჭირს, რა გვილხინს და რა მთავარი საფრთხეები დგას ჩვენს წინაშე.
პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ორგანიზაციის ზომები იზრდება, ახალი ადამიანები ემატებიან და უფრო მეტი კითხვა ჩნდება – ვინ რა უნდა აკეთოს, რა არ უნდა აკეთოს იმისათვის, რათა ზედმეტი დრო არ იხარჯებოდეს იმაზე, რაც საჭირო არ არის და რაც, მნიშვნელოვანია, საერთოდ უყურადღებოდ არ რჩებოდეს.
ასეთ დროს ორი მარტივი ცვლილებაა სასწრაფოდ საჭირო. კერძოდ:
უნდა შეიქმნას საოპერაციო საბჭო, რომელიც ყოველკვირეულად შეიკრიბება და მიმდინარე საოპერაციო ამოცანებზე და პრობლემებზე იმსჯელებს. სადაც განიხილება, მიმდინარე ოპერაციებში ვის რა უშლის ხელს, ვის რა დახმარება, ჭირდება და მიიღება ოპერატიული გადაწყვეტილება – ვინ რა უნდა გააკეთოს მიმდინარე შედეგების გასაუმჯობესებლად.
თვეში ერთხელ უნდა დაიწყოს განვითრების შეხვედრების ჩატარება, სადაც მხოლოდ ის საკითხები გადავა განსახილველად, რომელთა გადაწყვეტაც, მათი სირთულის და კომპლექსურობის გამო, საოპერაციო საბჭოზე ვერ მოხერხდა. აქ ამ საკითხებს უფრო დეტალურად განიხილავენ, მოიფიქრებენ, რა პროექტებია მოსამზადებელი, დასაგეგმი და განსახორციელებელი იმისათვის, რათა ეს ამოცანები საშუალო ან გრძელ ვადაში მაინც გადაიჭრას.
მაშინაც კი, როდესაც ამ ორივე ტიპის შეხვედრაში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, მათი ასე განცალკევებულად ჩატარება მაინც მიზანშეწონილია. არ მოხდება საკითხების აღრევა ერთმანეთში და ორივე ტიპის შეხვედრა უფრო ნაყოფიერად ჩაივლის. მიმდინარე სამუშაოები უფრო კოორდინირებული და ორგანიზებული გახდება. ამასთან, განვითარების საკითხებიც აღარ დარჩება უყურადღებოდ და მათზეც სტაბილურად დაიხარჯება მენეჯმენტის დრო და სხვა რესურსები.
მსგავსი ტიპის მართვის მოდელი მსხვილი ორგანიზაციების დიდ და საშუალო ზომის ქვედანაყოფებსაც შეიძლება ჰქონდეს. საოპერაციო და განვითარების საბჭოები კი, ფაქტიურად, ყველა ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს აუცილებელი და სასწრაფო საკითხების ერთმანეთისაგან გასამიჯნად, ორივე მათგანზე ყურადღების საჭირო დონეზე გამახვილებისათვის.
თამარ ჯანიაშვილი
on Aug 31st, 2012
@ 01:04:
წავიკითხავ სიამოვნებით .