ორგანიზაციების პირველი პირები ხშირად უშუალოდ არიან ჩართულები ძალიან ბევრ პროცესში ორგანიზაციის შიგნით, ხვდებიან სტუმრებს, ესწრებიან მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეხვედრებს, რის გამოც ორგანიზაციის განვითარებისათვის საკმარისი დრო და ენერგია აღარ რჩებათ. არადა, ტოპ-მენეჯერის უპირველესი საზრუნავი, რასაც ის ყველაზე მეტ დროს და ენერგიას უნდა უთმობდეს (მინ.60% დროის და რაც უფრო დიდია ორგანიზაცია, მით უფრო მეტ), მართვის პროცესების მუდმივი დახვეწა და ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება უნდა იყოს.
მართვის პროცესების დახვეწისათვის პირველი პირების განსაკუთრებული საზრუნავი უნდა იყოს დაგეგმვის და კონტროლის, პროდუქტების განვითარების, მომსახურების ხარისხის განვითარების, კადრების აყვანისა და განვითარების, რისკების მართვის, ინოვაციების ხელშეწყობის, ორგანიზაციის შიდაკომუნიკაციის პროცესების მუდმივი განვითარება.
ხოლო სტრუქტურის მიმართულებით ტოპ – მენეჯერის მუდმივი საზრუნავი უნდა იყოს, პირველ რიგში, მის უშუალო დაქვემდებარებაში პასუხისმგებლობების და როლების ცხადი განაწილება, მათ ქვემოთ სიმძლავრეების სტრატეგიის შესაბამისად დაჯგუფების ხელშეწყობა; ძალთა ბალანსის მართვა ორგანიზაციის ინტერესების შესაბამისად; მმართველი გუნდის შემადგენლობის მუდმივი განვითარება სათანადო კვალიფიკაციის, უნარების, გამოცდილების ადამიანებით. გუნდური შემართებისა და მუხტის შექმნა და გაძლიერება მინიმუმ მმართველ გუნდში.
ეს არის ერთადერთი, რასაც მის გარდა სხვა ვერავინ გააკეთებს. თითქმის ყველა სხვა ფუნქციის დელეგირება, უმჯობესია, გუნდის წევრებზე მოახდინოს. ასეთ შემთხვევაში თვითონ შეძლებს დარჩეს პასუხისმგებელი ორგანიზაციის შედეგებზე გარე დაკავშირებულ მხარეებთან და საზოგადოებასთან, ხოლო შიგნით ჰყავდეს სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვილი, შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების ადამიანები, ვისგანაც თვითონ მოითხოვს შესაბამისი ამოცანების გადაჭრას.
ძალთა და ინტერესთა ასეთი განაწილება ყველაზე უკეთ იძლევა ორგანიზაციის წინაშე მდგომი ამოცანების კარგი ხარისხით გადაწყვეტის შესაძლებლობას.