ორგანიზაციების სტრუქტურებში ხშირად გვხვდება მარკეტინგის სამსახურები, რომლებშიც რამოდენიმე ადამიანი მუშაობს და წლის განმავლობაში, 1-2 სერიოზულ პროექტს თუ არ ჩავთვლით, ძირითადად, ბეჭდვითი და სხვა სახის რეკლამების მომზადება – განთავსებით არიან დაკავებული. სტრუქტურის ასეთი გადაწყვეტა ძალიან აკნინებს ორგანიზაციაში მარკეტინგის ფუნქციას. მარკეტინგი მთელმა ორგანიზაციამ უნდა აკეთოს და არა მისმა ერთმა სამსახურმა. ეს რომ ასე მოხდეს, საჭიროა :
ა) სამსახური დაიშალოს რამდენიმე ნაწილად. თუნდაც თითო კადრით, მაგრამ ცალ-ცალკე სჯობს იყოს სტრუქტურაში წარმოდგენილი ბრენდის განვითარების, გაყიდვების სტიმულირების, პროდუქტების განვითარების ამოცანები.
ბ) ეს ამოცანები, სასურველია, იყოს გადანაწილებული მთელი სტრუქტურის მასშტაბით. მაგალითად, ბრენდის განვითარება იყოს პირველი პირის დაქვემდებარებაში, პროდუქტების განვითარება ცალკე მოადგილესთან და გაყიდვების სტიმულირება კიდევ სხვასთან.
გ) სასურველია, შეიქმნას მარკეტინგის კომიტეტი, რომელშიც შევლენ როგორც შესაბამისი მოადგილეები, ისე ამ ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, ასევე სხვა შუა რგოლის მენეჯერები, რომლებსაც აქტიური შეხება აქვთ მარკეტინგულ ფუნქციებთან. ეს კომიტეტი, მინიმუმ, თვეში ერთხელ უნდა იკრიბებოდეს და იხილავდეს ყველა ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას, ახალ პროექტებს და მიმდინარე პროექტების სტატუსს.
მარკეტინგის ფუნქციის ასეთი გადაწყვეტა კადრების დამატების გარეშეც კი არსებითად შეცვლის მის მნიშვნელობას და გავლენას ორგანიზაციის საქმიანობაზე. მარკეტინგის კეთებას მთელი ორგანიზაცია დაიწყებს და ის სამსახურიდან, რომლის მნიშვნელობაც ორგანიზაციაში, შესაძლოა, ბევრს არც ესმის, და რომელიც ძირითადად ფულს ითხოვს მენეჯმენტისგან რეკლამისთვის, იქცევა ფუნქციად, რომელიც ბაზარზე ბევრად უფრო სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ამგვარად, მარკეტინგის ამოცანები უნდა გადანაწილდეს მთელი სტრუქტურის ხაზზე და მასთან დაკავშირებული საკითხები მარკეტინგის კომიტეტზე უნდა იყრიდეს თავს. ასე მარკეტინგს მთელი ორგანიზაცია გააკეთებს და ბევრად უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე ერთი განყოფილება.
28 თებერვალი, 2012წ