არიან ორგანიზაციები საქართველოში, რომლებიც, წელიწადში ერთხელ, საკუთარ თანამშრომლებში ატარებენ გამოკითხვას ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ მათი მოსაზრებების დასადგენად. აერთიანებენ ამ მოსაზრებებს და უმაღლესი მენეჯმენტის სპეციალურ სხდომაზე იხილავენ მათ, იმისათვის, რომ ომავალი წლის სამოქმედო გეგმის განსაზღვრისას გაითვალისწინონ.
ეს გამოკითხვა ტარდება როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ჩვეულებრივი ყუთების მეშვეობით. იხსნება რომელიმე პოპულარულ ელექტრონულ ფოსტაზე სპეციალური მისამართი, რომლის პაროლსაც ყველას ეუბნებიან, ხოლო ანონიმურად მოსაზრების გამოთქმის მსურველებს შეუძლიათ შევიდნენ იმ ფოსტაზე და იქიდან გამოგზავნონ საკუთრი მოსაზრება. ვისაც ამისიც არ სჯერა, ისინი სპეციალურ ყუთებში აგდებენ თავის მოსაზრებებს.
ადამიანები, რომლებიც რეალურ, ყველაზე ღირებულ მოსაზრებებს საკუთარი სახელით აგზავნიან, მაქსიმალურად ახალისებენ და მომავალი წლის სამოქმედო გეგმების დამუშავებაშიც რთავენ. მათ სამუშაო ჯგუფებში, ან განხილვებში სთხოვენ მონაწილეობის მიღებას.
შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი დროის კარგვაა და ამ გზით ღირებული მოსაზრებების მიღება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რეალურად ამ მოქმედებას, ამის გარდა, კიდევ რამოდენიმე ძალიან კარგი ეფექტი აქვს. კერძოდ:
1. ყველამ იცის, რომ წელიწადში ერთხელ მათ მიეცემათ საშუალება, დააფიქსირონ თავისი აზრი და რომ მათი მოსაზრების განხილვას აუცილებლად დაუთმობს მთლიანი მენეჯმენტი ერთ წუთს მაინც. ეს მათ სტიმულს აძლევს, როცა რაღაცა არ მოსწონთ, უფრო მეტად მიაქციონ ასეთ საკითხებს მთელი წლის განმავლობაში ყურადღება და დაიმახსოვრონ გამოკითხვის მომენტისათვის.
2. დროთა განმავლობაში ადამიანები ეჩვევიან იმ აზრს, რომ თვითონაც ასე თუ ისე ჩართულები არიან ორგანიზაციის განვითარების პროცესში და მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ამ გამოკითხვაში, უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ შედეგებზე, პრობლემებზე, მიღწევებიც უფრო მეტად მათი ხდება.
3. ეს გამოკითხვები იძლევა ორგანიზაციის ქვედა რგოლებში ახალი ლიდერების პოვნის და უფრო აქტიური განვითარების საშუალებას, რაც ხშირად საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი ამოცანაა, განსაკუთრებით დიდი ორგანიზაციებისათვის.
იმ სკეპტიკოსებს კი, ვინც ფიქრობს, რომ ამ გზით რაიმე ღირებული მოსაზრების დაფიქსირება არ მოხდება, ვურჩევთ, უბრალოდ სცადონ ერთი ორჯერ, ან მაქსიმუმ სამჯერ ამის გაკეთება. ამ გზით თვითონ დაინახავენ და დარწმუნდებიან, რამდენი მნიშვნელოვანი პრობლემა იციან მათ, ვისაც უშუალო შეხება აქვს კლიენტთან, წარმოებულ პროდუქტთან, მიმდინარე ოპერაციებში ვინც მონაწილეობს, რამდენი საინტერესო და ღირებული იდეა აქვთ მათ.
ასეთი გამოკითხვების ერთადერთი ცუდი მხარე არის უხერხულობა, რომელიც მენეჯმენტის წევრებს შეიძლება შეექმნათ იმაზე მსჯელობისას, რაზეც, სხვადასხვა მიზეზებით, არ სურთ მსჯელობა, ვინაიდან ასეთი საკითხებიც მოხვდება გამოკითხვის შედეგებში, მაგრამ თუ ამ ნაბიჯს გადადგამს მენეჯმენტი და ამ გამოკითხვის ორგანიზებას დაიწყებს ე.ი. ხვდება, რომ ისეთი საკითხები, უბრალოდ, არ უნდა არსებობდეს ორგანიზაციის შიგნით, რომლებზეც მენეჯმენტის წევრებს ერთმანეთშიც კი არ უნდათ ღიად იმსჯელონ და ეს ბარიერიც ნელ-ნელა იხსნება.