ყველა საშუალო და დიდი ზომის კომპანიისათვის, ასევე, შესაძლოა, სახელმწიფო ორგანიზაციების დიდი ნაწილისათვის, მიზანშეწონილია, შეიქმნას გაფართოებული სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც დარგის ექსპერტები, ძირითადი მომწოდებლების, ინვესტორების, მთავარი კლიენტების, ან უბრალოდ საზოგადოების ავტორიტეტული წარმომადგენლები იქნებიან გაერთიანებული. ამ საბჭოების მთავარი დანიშნულება აღმასრულებელი მენეჯმენტის საქმიანობის მეთვალყურეობა უნდა იყოს და მათი შექმნაც, პირველ რიგში, სწორედ აღმასრულებელი მენეჯმენტის გრძელვადიან ინტერესებში შედის.
საქმე იმაშია, რომ კვალიფიციური და ავტორიტეტული მეთვალყურეობა აუცილებელი პირობაა გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად. ის მენეჯმენტი, რომელსაც ასეთი მეთვალყურეობა აკლია, პირველ რიგში, თვითონვე უნდა ზრუნავდეს, რომ ასეთი მექანიზმი შექმნას. ეს მას საშუალებას მისცემს, გრძელვადიან პერიოდში ბევრად უფრო სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, მიზნებიც სწორად დაისახოს და მათი განხორციელებისთვისაც უფრო თანმიმდევრულად იზრუნოს.
გასაგებია, რომ მოკლევადიან პერიოდში, განსაკუთრებით მიმდინარე სამუშაოებში, ასეთი რგოლის არსებობამ, შესაძლოა, დისკომფორტი შეუქმნას მენეჯმენტს. არავის სიამოვნებს ბუნებრივია ზედმეტი კონტროლი, მაგრამ ის მენეჯმენტი, რომელიც მიხვდება, რომ ეს დისკომფორტი გრძელვადაინი წარმატების მნიშვნელოვანი ხელშეწმყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს და გადადგამს ამ ნაბიჯს, ბევრად უფრო სტაბილურს და თანმიმდევრულს, რაც მთავარია, სისტემურს გახდის საკუთარ საქმიანობას.