თუ ორგანიზაციის ყველა ხელმძღვანელს, როგორც მაღალ, ისე საშუალო დონეზე, ეყოლება წინასწარ განსაზღვრული ორი ან სამი შიდა რეზერვი, რომლებსაც არჩევენ და ამზადებენ იმისათვის, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად ჩაანაცვლონ ეს კონკრეტული ხელმძღვანელი, ორგანიზაცია ბევრი პრობლემის თავიდან არიდებას შეძლებს და დამატებით კიდევ ბევრ სარგებელს მიიღებს აქედან.
რეზერვების ასეთი სისტემის ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ იძლევა საშუალებას, ყველა დაწინაურება შიდა კადრების გამოყენებით მოხდეს. ეს თავის მხრივ ძალიან ზრდის თანამშრომლების მოტივაციას და სურვილს, უკეთესად იმუშაონ.
ასეთი სისტემა მნიშვნელოვნად ზრდის თვითონ ხელმძღვანელების მოტივაციასაც – იმუშაონ უკეთესად, როდესაც იციან, რომ მათი ჩანაცვლება ორგანიზაციისათვის ძალიან რთული არ იქნება.
ორგანიზაცია ყოველთვის ახერხებს ადვილად და, რაც მთავარია, სწრაფად ჩაანაცვლოს ადექვატური კადრებით, სხვადასხვა მიზეზით წასული ხელმძღვანელები.
ამ სისტემაზე საუბრისას ყოველთვის ისმის კითხვა – უნდა იცოდენენ თუ არა ხელმძღვანელებმა ვინ არიან მათი რეზერვები. ჩვენი აზრით, მინიმუმ ის აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ასეთი რეზერვები არსებობს. რაც შეეხება პერსონალიებს, ვფიქრობთ, რომ არათუ უნდა იცოდნენ, ვინ არიან ისინი, არამედ აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ მათ შერჩევაშიც. თუმცა, ეს კონკრეტული საკითხი ძალიან არის დამოკიდებული ორგანიზაციის შიდა კულტურაზე და მართვის ტრადიციებზე.