მიღებულია, რომ მხარდამჭერ სამსახურებს, როგორიცაა შესყიდვები, სამეურნეო, ლოჯისტიკა, IT მხარდაჭერა, ზოგან კადრების სამსახურსაც და სხვა მსგავსებს აერთიანებენ ერთი დირექტორის ქვეშ. ეს, ძალიან ხშირად, ამ მიმართულებით ბიუროკრატიას ზრდის, მათი მხრიდან მომსახურების ხარისხს ძალიან ამცირებს და სხვა სტრუქტურების გამართულ მუშაობასაც უშლის ხელს. შესაბამისი დირექტორი, როგორც წესი, თვითონ არჩევს მის ფავორიტ ხელმძღვანელებს (ძირითადად პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე) და მათ უფრო გულისხმიერად უდგება; მათთვის კი, ვინც არ მოსწონს, არასდროს არაფერი არ არის და ყოველთვის ყველაფერი იგვიანებს.
საქმე იმაშია, რომ ასეთი სამსახურების საქმიანობის შეფასების სისტემების აწყობა საკმაოდ რთულია და თან ძალიან ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი შეიძლება გახდეს მათი მუშაობის შეფერხების მიზეზი. სწორედ ეს აძლევს საშუალებას მხარდაჭერის მიმართულების ხელმძღვანელს, იმათ, ვისი მომსახურებაც არ უნდა კარგად, არ მოემსახუროს.
ჩვენი აზრით, მხარდამჭერი სამსახურების ყველაზე კარგი მართვის სქემა ამ სამსახურების დაშლა და იმ ხელმძღვანელების დაქვემდებარებაში გადატანაა, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მათი მხრიდან ოპერატიული და ხარისხიანი მომსახურება.
აღნიშნული სამსახურების კარგი მართვისათვის ასევე მიზანშეწონილია საოპერაციო საბჭოს შექმნა. მასში უნდა შევიდნენ ის ქვედანაყოფები, რომლებიც ყოველდღიურ ოპერაციებში არიან ჩართულები და აგრეთვე ყველა მხარდამჭერი სამსახური. ამ საბჭოს შეხვედრებზე უნდა დგებოდეს პრობლემები ამ მიმართულებით და წყდებოდეს ისინი ოპერატიულად.
მართვის ასეთი სქემა ბევრად ამაღლებს მხარდამჭერი სამსახურების მხრიდან დანარჩენი ქვედანაყოფების მომსახურების ხარისხს.